“საქართველომ კარგად იცის რუსული აგრესიის სრული სპექტრი, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას” | 22.04.2022

“საქართველომ კარგად იცის რუსული აგრესიის სრული სპექტრი და ახსოვს 2008 წლის ომი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას” – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.  ნედ პრაისმა  ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რა დახმარებას განიხილავს შტატები საქართველოში რუსეთის მორიგი სამხედრო აგრესიის ან ანექსიის შემთხვევაში.  პრაისი აცხადებს, რომ მსგავსი სცენარის ჰიპოთეზებს არ განავრცობს, თუმცა როგორც უკრაინის მაგალითზე, ვაშინგტონი რეგიონში პარტნიორების ერთგულია და საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

“საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ეს მხარდაჭერა და პარტნიორობა საქართველოსთან სხვადასხვა გზით ვაჩვენეთ, მათ შორის ბოლო თვეებში. თეორიული სცენარების განხილვაში არ შევალ იმაზე, თუ რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, მაგრამ ისე როგორც უკრაინის შემთხვევაში, ასევე რეგიონში, სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საქართველოსადმი ჩვენ ვართ მტკიცედ ჩართულები პარტნიორულ ურთიერთობებში. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომასა და  მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მხარდაჭერას,” – განაცხადა ნედ პრაისმა.