რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირი მოქალაქეებს მიმართავს | 22.04.2022

რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს,  შეზღუდონ ავტომობილებით გადაადგილება და კვირაში 3 დღე სახლიდან იმუშაონ. ევროკომისიის განცხადებით, ზომები, რომლებიც მათ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავეს, ოჯახებს წელიწადში, საშუალოდ, 450 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს. “ჩემი როლი”,- ასე ჰქვია ცხრა პუნქტიან გეგმას, რომლის შესრულებითაც ევროკავშირის მოქალაქეები 120 სუპერ ტანკერის შესავსებად საკმარის ნავთობსა და ოცი მილიონი სახლის გასათბობად საჭირო ბუნებრივ გაზს დაზოგავენ. ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებენ: ზამთარში გათბობას დაუწიონ, ზაფხულში კი კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ, იმოძრაონ საკუთარი ავტომობილებით უფრო ეკონომიურად, შეამცირონ სიჩქარე მაგისტრალებზე, ნაკლებად გამოიყენონ მანქანის კონდიციონერები, ასევე მცირე მანძილის გავლისას გადაადგილდნენ ფეხით, ან ველოსიპედით. გარდა ამისა, ავტომობილის ნაცვლად, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. გეგმა, ასევე, მოუწოდებს ქალაქებს, ხელი შეუწყონ უმანქანო კვირა დღის პრაქტიკას.