ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების შეხვედრები თბილისში – რაზე ესაუბრა ოპოზიცია დელეგაციას | 22.04.2022

პოლარიზაცია, პოლიტიზირებული სასამართლო, ნატოში ინტეგრაცია, მთავრობის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია რომელიც ოპოზიციამ სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრისას განიხილა.  საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი მოსაზრებები და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნეს. შეხვედრას  ესწრებოდა საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც.

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენენები და სენატორები აღნიშნავენ, რომ  ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. მათივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ  დემოკრატიული რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს.

ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ კონგრემენებმა და სენატორებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში.

სენატორები და კონგრესმენები გუშინ უკვე შეხვდნენ უმრავლესობის წევრებს, მათ უმასპინძლა პრეზიდენტმაც.  მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაცია საქართველოს გარდა შეხვედრებს გამართავს საფრანგეთსა და იტალიაში.