“ნატო-ს ქვეყნების მთავრობებს სურთ, საქართველოში ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო იხილონ” – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას განაცხადა. აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა, მოხსენების თემა იყო ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. კომიტეტის სხდომა დახურული იყო. პარლამენტში ერთ სააათიანი მსჯელობის შემდეგ ნატო-ს წარმომადგენელმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ნატო საქართველოს გვერდით დგას.
“ძალზედ პოლარიზებული გარემოა აქ, საქართველოში და ნატო–ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან. ნატო, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში. ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, ნატო–ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად. არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ნატო–ს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა ამასთან, ნატო–ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. კიბერთავდასხმები იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ნაწილი ვიდრე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები და ის აგრძელებს კიბერთავდასხმებს სამხედრო მოქმედებების დროსაც მადრიდის სამიტის დროს, ველოდები, რომ ნატო–ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის. ჩვენ ასევე გვექნება ძალიან კონკრეტული იდეები, რომ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მეტი გაკეთდეს,“ – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის გარდა მან შეხვედრები გამართა იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებშიც. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს დაეთმო.