პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ექიმის დახმარება ითხოვა. მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს სასამართლო დარბაზიდან გასვლაში მანდატურები დაეხმარნენ. პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა რამდენიმე წუთში სააკაშვილი საკუთარ პროცესზე დაბრუნდა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. თქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, ვერ იღებს საკვებს და კვირას ფეხების კონტროლიც მთლიანად დაკარგა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესი “ბლეფი” იყო და იქიდან ის უარესი მდგომარეობით გამოწერეს.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის პროცესზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ცენტრ “ემპათიას” ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებისა და მისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების საშუალება მიეცეთ. მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეაგირება დაავალა. თუმცა, მოსამსართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა სასამართლოში ექიმების მოსმენისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მათი შეშვების თაობაზე.