„სუს-ი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ” | 19.04.2022

“სუს-ი ემორჩილება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ არ მიკვირს, რომ ამ ანგარიშში ხვდება “ქართული ოცნების” რიტორიკა” – ასე აფასებს ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ლილუაშვილის უწყება “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღია რომელსაც ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით სუს-ის მთავარი ფუნქცია მმართველი გუნდისთვის ძალაუფლების შენარჩუნების უზრუნველყოფაა, სწორედ ამიტომ ოპოზიციურ სპექტრს  საგამოძიებო უწყების მიმართ უნდობლობა აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით მთავარ საფრთხეებად კვლავ რჩება  რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. 53 გვერდიან ანგარიშში  აღნიშნულია, რომ  საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. 2021 წელს გაზრდილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პირობით საზღვართან უკანონო დაკავების რაოდენობაც. ლილუაშვილის უწყების ანგარიშის მიხევდით არც ერთი დაკავებული რუსი ჯაშუში და გამოვლენილი რუსი აგენტი არ არის. უწყების მტკიცებით, მოსკოვს საქართველოში აგენტურული ქსელი არ ჰყავს და არც არაფერია გამოსავლენი. სუს-ის ანგარიშში ერთი თავი ხელისუფლების დამხობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება. უწყება ამტკიცებს, რომ გეგმა რეალური იყო და მთავრობა ძალისმიერი გზით უნდა შეეცვალათ, თუმცა მტკიცებულებებზე დოკუმენტში არაფერი წერია. ანგარიშში მოხვდა სუს-იდან გამოჟონილი ფაილებიც. უწყება არაფერს ამბობს იმაზე, რატომ უსმენდა ფარულად და უკანონოდ  ათასობით მღვდელს, მონაზონს და ჟურნალისტს, თუმცა წერს, რომ ფაილების გასაჯაროება მედიის მხრიდან  დესტრუქციული ქმედება იყო. დოკუმენტში საუბარია ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე. სუს-ის 2021 წლის ანგარიში უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტს.