უკრაინაში პუტინის ომის 55-ე დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი საგანგებო შეკრებას იწვევს. მედიასაშუალება ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, პოლონეთისა და რუმინეთის ლიდერებთან შედგება. მას დაესწრებიან NATO-ს გენერალური მდივანი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებიც. მანამდე განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. ნედ პრაისის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხოციელებული თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს.
უკვე ცნობილია, რომ ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე უარს ამბობს და უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლას არ გამორიცხავს საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონის თქმით, ის კიევში იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ მისი ვიზიტი სასარგებლო იქნება.
“რუსეთის შეიარაღებული ძალების განურჩეველ და უკანონო დარტყმებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გმობს ევროკავშირი,” – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
„თავდასხმები ლვოვზე და დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე აჩვენებს, რომ ქვეყნის არც ერთი ნაწილი არ არის დაზღვეული კრემლის უაზრო შეტევისგან. დაუსჯელობა ომის დანაშაულებისთვის შეუძლებელია. რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს უკრაინიდან ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა,” – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შენელდა, მაგრამ თურქეთი შუამავლობას არ შეწყვეტს. ერდოღანის განმარტებით, მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეაფერხა. თუმცა მისივე თქმით, თურქეთი გააგრძელებს ყველა აუცილებელ ძალისხმევას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. პრეზიდენტ ერდოღანს, მიაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება დიალოგის გზით.