მთელი უკრაინა დანაშაულის ადგილია- პუტინის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია | 14.04.2022

უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია.   სიტყვები- ომის დანაშაულები და გენოციდი რუსეთის სისასტიკის შესაფასებლად უკვე აქტიურად გამოიყენება. „უკრაინა რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის ადგილია“ – ამის შესახებ ჰააგის პროკურორმა, კარიმ ხანმა ბუჩაში ვიზიტისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სასამართლოს სამედიცინო ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა დაიწყეს მას შემდეგ, რაც კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა, რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს. ბროვარის რაიონში პოლიციამ კიდევ 6 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვა. ნაწამები და მოკლული ადამიანები სარდაფიდან ამოასვენეს. მათ წამების კვალი ეტყობოდათ.  ყველა მსგავს მტკიცებულებას უკრაინა ჰააგის სასამართლოს მიაწვდის.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენას ადასტურებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო ნორმების დარღვევებზე მიუთითებს. დასკვნას ეუთოს სადამკვირვებლო მისია 45 ქვეყნის თანხმობით აქვეყნებს. ეუთომ მარიუპოლის თეატრისა და სამშობიარო სახლის დაბომბვის ფაქტები შეისწავლა და დაასკვნა, რომ სამშობიარო სახლი რუსულმა ძალებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს, რაც სამხედრო დანაშაულია. იგივე შეფასებას აკეთებს სადამკვირვებლო მისია მარიუპოლში, თეატრის დაბომბვის ფაქტზე,  და აღნიშნავს, რომ ამ იერიშით პუტინის ჯარებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უხეშად დაარღვიეს, აფეთქების ბრძანების გამცემმა კი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.

ქვეყნები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ ნეიტრალურ პოზიციას აირჩევენ, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკიდან იზოლაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამერიკის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებმც რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო შეზღუდვები დაუწესეს, არ დარჩებიან გულგრილები ისეთი ქმედებების მიმართ, რომლებიც სანქციების ეფექტურობას ძირს გამოუთხრის. მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს, რათა პარტნიორებთან ერთად მომავალშიც გააგრძელონ რუსეთის ეკონომიკური, ფინანსური და სტრატეგიული იზოლაცია. ცნობისთვის,  ევროპულმა კომისიამაც გამოსცა დასკვნა, რომ რუსული გაზისთვის რუბლში ანგარიშსწორება სანქციების დარღვევად ჩაითვლება.

უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატად ევროპული ქვეყნების ლიდერები ჩადიან. „ან ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეაჩერებს აგრესორს, ან ვტოვებთ თანამდებობებს“ – განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გააკეთა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად კიევში პოლონეთის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებთან  ერთად ჩავიდა. ლიდერები რუსეთის მიერ განადგურებულ ბუჩასა და ბოროდიანკაში იმყოფებოდნენ. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ურთიერთობა უკრაინელების გენოციდის და ტერორიზმის დაფინანსებას ნიშნავს. პუტინის ომს უკრაინაში ასევე ტერორიზმი უწოდა პოლონეთის პრეზიდენტმა. სამი ქვეყნის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ერთობლივი კონფერენცია გამართა.

იზრდება უკრაინისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებების რაოდენობაც. ვროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებით 500 მილიონს გამოყოფს. უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარებას, გამოუყოფს  შეერთებული შტატებიც.  დახმარების პაკეტი  ახალი ტიპის იარაღს მოიცავს, ასევე იმ ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა. საერთო ჯამში შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო.