საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად მზად არის. თითქმის ერთკვირიანი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კიევში ერთი საპარლამენტო დელეგაცია ჩავა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. დელეგაციას პარლამენტის თავჯდომარე უხემძღვანელებს. შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ყველა ოპოზიციურ ჯგუფს დელეგაციაში ჩასმა შესთავაზა, რასაც ოპოზიციის ნაწილი დათანხმდა. “ქართულ ოცნებასთან” ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე კატეგორიული უარი მხოლოდ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თქვა. “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ომის პარტის გარეშე უკრაინაში ვიზიტი მათთვის უფრო მისაღებია.
როგორც “ნაციონალური მოძრაობა” განმარტავს, პარტიას კიევში ჩასვლა, შალვა პაპუაშვილთან ერთად, არ სურს. მიზეზი კი ის წერილია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ მის უკრაინელ კოლეგას მისწერა. შალვა პაპუაშვილს უკრაინაში ჩასვლა რადას თავჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა რამდენიმე დღის წინ თხოვა. პაპაუაშვილმა კი მას წერილით უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ეჩვენებოდა.
საპარლამენტო დელეგაციაში “ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად იქნებიან, პარტიების- “ლელო’, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “მოქალაქეების” წევრები. ისინი უკრაინაში ერთ დელეგაციად გამგზავრებას მიესალმებიან. ამბობენ, რომ ერთობლივი ვიზიტი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისთვისაა და ის ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის კარგი იქნება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს ჩავა. უკრაინის რადას თავჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები ბუჩაში იმ სისასტიკის საკუთარი თვალის სანახავად მიიწვია, რომელიც იქ რუსებმა ჩაიდინეს.