კრემლს მთელი ცივილიზებული სამყარო უპირისპირდება – სანქციების მეხუთე პაკეტი რუსეთისთვის | 08.04.2022

კრემლის მიერ უკრაინაში ჩადენილ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებს მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციების მიზანია, შეაჩეროს რუსეთის ჯარების უგუნური, არაჰუმანური და აგრესიული ქცევის შეჩერება და გააგებინოს კრემლში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ უკანონო აგრესია ძვირი დაუჯდებათ. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი 2022 წლის აგვისტოდან კრძალავს ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის რუსეთისგან შეძენას, იმპორტსა და ტრანსპორტირებას. ამჟამად, ევროკავშირი წელიწადში 8 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტს ახორციელებს.  რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის იბლოკება ევროკავშირის პორტებზე წვდომა. გამონაკლისს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სურსათი, ასევე ჰუმანიტარული დახმარება და ენერგოპროდუქტები. სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ტრანზაქციების სრულ აკრძალვას 4 რუსულ ბანკთან, მათ შორის ვითიბისთან. ევროკავშირის კარი რუსული და ბელორუსული საგზაო გადაზიდებისთვისაც დაიხურება, კიდევ უფრო შეიზღუდება რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების და იარაღის ექსპორტი. სანქციები ასევე დაუწესედება რუს ოლიგარქებს, პროპაგანდისტებს და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან არიან დაკავშირებული.

კომპანიებისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ სანქციებს აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო. შავ სიას რუსეთის რვა მოქალაქე და 29 ორგანიზაცია დაემატა. ამერიკულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდება რუსეთის „გაერთიანებულ ხომალდმშენებელ კორპორაციას“ და ალმასების მომპოვებელ კომპანია „ალროსს“.

ახალ სანქციებს აწესებს დიდი ბრიტანეთიც. სიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2 ქალიშვილი,  კატერინა ტიხონოვა და მარია  ვორონცოვა დაემატნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილს, ეკატერინა სერგეევნა ვინოკუროვას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ახალი სანქციების მიზანი კრემლის ახლო წრის მდიდრული ცხოვრების წესია, ეს მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.

ეკონომიკური ზეწოლის პარალელურად, ცივილიზებული სამყარო უკრაინის იარაღით დახმარებასაც განაგრძობს. ავსტრალიამ პირველი სამი Bushmaster-ის ჯავშანმანქანა უკრაინაში უკვე გაგზავნა. ქვეყანა უკრაინას სულ 20 Bushmaster-ს გადასცემს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას სამხედრო დახმარება ითხოვა. Bushmaster-ის მანქანები  ომის ზონაში ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაყვანად გამოიყენება- ისინი არ იქნება გამოყენებული შეტევისთვის. ავსტრალია ადრე ამ საბრძოლო მანქანებს  ისეთ საომარ ზონებში იყენებდა, როგორიცაა ავღანეთი და ერაყი.

„საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პუტინის ომმა, რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე გარიყულად აქცია“ – ასე აფასებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი სისტემატურად და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ხოლო რუსული სამხედროები ომის დანაშაულებს სჩადიან. ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით, ამ ისტორიული კენჭისყრის შემდეგ რუსეთი ვეღარ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში და გაავრცელოს დეზინფორმაცია, როდესაც საბჭოს კომისია უკრაინაში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს, გაეროს ადმაიანის უფლებათა საბჭოში წევრობა ხმათა უმრავლესობით შეუჩერა. გადაწყვეტილებას 93 მომხრე, მათ შორის საქართველო და 24 წინააღმდეგი ჰყავდა.