„უკრაინელების წინააღმდეგობამ და გამბედაობამ მსოფლიო შთააგონა” – მსოფლიო პუტინის წინააღმდეგ | 01.04.2022

პირველი ევროპელი ლიდერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა კიევშია და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავს. მეცოლას თქმით, ის უკრაინაში იმედის მესიჯის გასაჟღერებლად ჩავიდა. თავის მხრივ, უკრაინული მხარე ევროპარლამენტარს ვიზიტისა და ყოვლისმომცველი დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას კიევში ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია“ – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. შმიგალის განცხადებით, რობერტა მეცოლასთან შეხვედრისას მათ რუსეთის შესაჩერებლად სანქციების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ამერიკის პრეზიდენტს არ სჯერა, რომ პუტინი  უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიიდან  ჯარს გაიყვანს. ბაიდენი  გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია და ის ახლა საკუთარ მრჩევლებს სჯის. აქამდე, ევროკავშირისა და თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პუტინის გარემოცვაში მყოფებს მისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, სიმართლის თქმის ეშინიათ, რის გამოც ის შეცდომაში შედის.

სანქციების და რუსეთის მუქარის ფონზე, შეერთებული შტატები სტრატეგიული მარაგიდან ნავთობის რეკორდულ რაოდენობას, დღეში 1 მილიონ ბარელს გასაყიდად გამოიტანს. განკარგულება ჯო ბაიდენმა ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის გამო მიიღო. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე შტატების პრეზიდენტმა ამერიკაში ბენზინზე ფასების ზრდა პირდაპირ დაუკავშირა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას, რასაც მკაცრი სანქციები და შედეგად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირება მოჰყვა. ჯო ბაიდენმა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა  ნავთობის წარმოება გაზარდონ. მისივე თქმით, თეთრ სახლში ეს გადაწყვეტილება  ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებით მიიღეს და  ნავთობის მარაგს ბაზარზე სხვა ქვეყნებიც გამოიტანენ.

ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ,  კიდევ უფრო იზრდება.  ამერიკის შეერთებულმა შტატები ახალ სანქციებს აწესებს,  რომელიც ტექნოლოგიურ სექტორზეა მიმართული. ფინანსთა სამინისტრომ 21 ორგანიზაციასა და 12 პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის სააქციო საზოგადოება მიკრონსაც, რომელიც რუსეთში მიკრო სქემების ყველაზე დიდი მწარმოებელი და იმპორტიორია. გარდა ამისა, შტატების სანქციები ვრცელდება რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებსა და მომუშავე პირებზე. ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი კომპანიებისა და პირების აქტივები, რომელიც შტატებშია, გაიყინება, ხოლო ამერიკის მოქალაქეებს მათთან ურთიერთობა აეკრძალებათ.

„ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად ააშენა“ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი “ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყანა” გახდა. მინისტრის ინფორმაციით, საერთაშორისო მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი სამხედრო აღჭურვილობისა და “ლეტალური დახმარების”, მათ შორის ჯავშანტექნიკის, შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე კი ავსტრალია უკრაინას ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებს გაუგზავნის. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა. ამასთან, მორისონს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ ჯავშანმანქანას ან როდის გაუგზავნიან უკრაინას. საუბარია ჯავშანმანქანაზე სახელწოდებით „ბუშმასტერი“. ავსტრალია ადრე ამ საბრძოლო მანქანებს  ისეთ საომარ ზონებში იყენებდა, როგორიცაა ავღანეთი და ერაყი.

დასავლეთის მწვავე კრიტიკისა და არაერთი სანქციის მიუხედავად, კრემლის რიტორიკა უცვლელია, მეტიც, ოფიციალური მოსკოვი იმუქრება და ევროკავშირის ლიდერებს სანქციებს უწესებს. “მოსკოვი ევროკავშირს სანქციების მოხსნას არ მოსთხოვს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნიკოლაი კობრინეცმა რუსულ მედიასთან განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის “მტრულ ქმედებებს” და დასძინა, რომ “ბრიუსელის უპასუხისმგებლო სანქციები უარყოფითად აისახება რიგით ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე”. რუსეთმა ევროკავშირის ლიდერებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქციები შეეხება ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, მათ შორის რიგ ევროკომისრებსა და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების უმეტესობას, რომლებიც „ანტირუსულ პოლიტიკას ავითარებენ“. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობას დასავლეთის მიერ შემუშავებული სანქციების საწინააღმდეგოდ, “100 ინიციატივა აქვს დაგეგმილი”.