“მორიგი პროვოკაცია რუსეთის მხირდან” – ასე აფასებს ოპოზიცია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის გეგმებს. მას შემდეგ, რაც ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები არ წყდება. ოპოზიცია ყურადღებას მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებს. ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა კრემლის მიზნებს ხელს უწყობს. მათი თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების მიერთებისკენ ღარიბაშვილის მთავრობის პოლიტიკამ უბიძგა.
მოსალოდნელ საფრთხეებზე არც საქართველოს პრეზიდენტს და არც პრემიერ-მინისტერს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. განცხადებებს მმართველი გუნდიდან მხოლოდ დეპუტატები აკეთებენ. ამბობენ, რომ ბიბილოვის განცხადებას სამართველბრივი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთთან შეერთების საკითხები მუშავდება. 10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება. რუსეთის დუმაში ამბობენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმი შესაძლებელია მაისში ან ივნისში ჩატარდეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში “სამხრეთ ოსეთი” ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს.