სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ – ანა ფოტიგას წერილი და შეფასებებით იბილისში | 31.03.2022

“სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ  და   საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა” – ამ საკითხებზეა  საუბარი წერილში, რომელიც ევროპარლამენტარმა  ანა ფოტიგამ,   ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს გაუგზავნა. წერილში  ანა ფოტიგა ჯოზეფ ბორელისგან პასუხებს ითხოვს კითხვებზე- შეესაბამება თუ არა სააკაშვილის  პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპული ღირებულებებს და ეთანხმება თუ არა უმაღლესი წარმომადგენელი  რუსეთთან კავშირის მქონე ცნობილ ქართველ ოლიგარქზე პერსონალური სანქციების დაწესებას. წერილის ავტორი  საქართველოს ევროკავშირში გაწერიანებას მხარს უჭერს, თუმცა მისი კითხვებით, ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს.

“ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ამ მხრივ, მე მაწუხებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს.  ვუერთდები უამრავ მოწოდებას, მოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან. არაერთი დამოუკიდებელი დაწესებულება, ექიმი და დიპლომატი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლო პროცესებთან და ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რაც წაქეზებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის, რომელსაც რუსეთთან კავშირი და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლი აქვს. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების ორაზროვან პოზიციას იწვევს,” –  ანა ფოტიგას წერილი ჯოზეფ ბორელს.