ოკუპირებული ცხინვალი რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო დღეებია აქტიურად საუბრობენ. კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთთან შეერთების საკითხები მუშავდება. 10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება. რუსეთის დუმაში ამბობენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმი შესაძლებელია მაისში ან ივნისში ჩატარდეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში “სამხრეთ ოსეთი” ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს.
ბიბილოვის განცხადების შემდეგ, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა გამორიცხა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ აპირებს რუსეთს შემადგენლობაში შესვლას.