ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. თქვა, რომ დიპლომატიური ფრონტი უკრაინისთვის ახლა მნიშვნელოვანია და საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის მიზეზი ის გახდა, რომ მათ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისათვის ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის მიეღწიათ. როგორც ზელენსკი ამბობს, უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის წარმომადგენლებისგან, ასევე უკრაინის სამხედრო ატაშეებისგან.
“თუ ჩვენ ნამდვილად ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დემოკრატიების დასაცავად, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ამ გარდამტეხ, ძალიან პრინციპულ დროს დახმარება მოვითხოვოთ. ეს არის ტანკები, თვითმფრინავები, საარტილერიო სისტემა. თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს. არსებობენ ისეთები, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან. ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან.დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, მოძებნეთ სხვა სამსახური,” – ვოლოდიმერ ზელენსკი.
უკრაინის ელჩი საქართველოდან გაწვეულია. ამ ეტაპზე უცნობია ვინ ან როდის ჩაანაცვლებს იგორ დოლგოვს. თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეექვსე დღეს, 1 მარტს განაცხადა. მაშინ მიზეზა უკრაინაში ქართველი მოხალისეების გამგზავრებისთვის ხელის შეშლა და ხელისუფლების მიერ სანქციებისადმი გამოხატული პოზიციები დასახელდა.