რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან იხევენ – რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები სტამბოლში | 29.03.2022

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან იხევენ. სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობებს შეამცირებს. დოლმაბაჰჩეს სასახლეში მიმდინარე 4 საათიანი მოლაპარაკებები დღეს კონკრეტული შედეგებით დასრულდა. უკრაინა თანახმაა  უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე და სხვა ქვეყნის ბაზების განთავსებაზე, თუ მას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. უკრაინა მოითხოვს ნატო-ს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი გარანტიების მიღებას, რომელიც იქნება მყარი და არ იქნება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი. რაც შეეხება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, კიევი სთავაზობს მოსკოვს, რომ ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ მოლაპარაკებებისას გადაწყდეს.

ისტორიული შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინა მზად არის უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანების სურვილზე, სანაცვლოდ კი ომში მყოფი ქვეყანა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. გარანტორ ქვეყნებად კი უკრაინა დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს განიხილავს. ამ ქვეყნებმა ვალდებულება უნდა აიღონ, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უკრაინას თავდაცვაში დაეხმარებიან. უკრაინის დელეგაციის წევრები თვლიან, რომ უსაფრთხოების ახალი გარანტიები ომის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამოსავალია.

რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. საუბარი შესაძლოა ონლაინ ფორმატში შედგეს.