ევროპის პასუხი პუტინს – რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდიან | 28.03.2022

“დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდიან” – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა დიდი შვიდეულის ენერგეტიკის მინისტრებთან კონფერენციის შემდეგ განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტამდე მოამზადონ ანგარიში, რომლის მიხედვითაც ე.წ. არამეგობრული ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების სავალუტო გადახდის სისტემა შეიცვლება. გასულ კვირას კი პუტინმა თქვა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ბუნებრივი აირის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. ამ ზომის მიზანია რუბლის კურსის მხარდაჭერა იმ პირობებში, როცა ცენტრალური ბანკის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ევროპა გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მიაწვდიან. ამის შესახებ პესკოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით არის შესაძლებელი. ჩვენს სიტუაციაში ევროპული ქველმოქმედება ნაკლებად შესაძლებელია და არც მიზანშეწონილია“ – თქვა პუტინის სპიკერმა.

დღის წესრიგში კვლავ დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი. დასავლეთი შიშობს, რომ პუტინმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობენ ჟურნალისტებიც. „კიევის აღების წარუმატებელი ოპერაციის გამო პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, თუმცა მას ხელს შეუშლიან“ – ამის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა ისაუბრა. მისი თქმით,  რუსეთის სპეცსამსახურებიდან ინფორმაცია აქვთ, რომ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მზადყოფნაზე თავის.

ბრიტანეთის თავდაცვის  სამინისტრომ უკრაინას გადასატანი-საჰაერო თავდაცვის სისტემების „სთარსთრიქის“ პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. მინისტრმა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი “მეტს აკეთებს, ვიდრე ვინმე სხვა” ომით განადგურებული ქვეყნის დასახმარებლად. უოლესის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებაში უკვე მომზადებაც გაიარეს. “სთარსთრიქი” ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც შექმნილია ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების განადგურებისთვის. ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტად მიიჩნევა, რომელსაც საჰაერო სამიზნეების განადგურება 5 კილომეტრამდე სიმაღლეზე შეუძლია.