საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პოლიტიკური განცხადებები ხმაურის მიზეზი გახდა. 7 ნოემბრის საქმის პროცესზე მესამე პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობაზე ემოციურად ისაუბრა, რის გამოც მოსამართლეთა კოლეგიისგან შენიშვნა რამდენჯერმე მიიღო.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ამ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.