რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება, გადარჩენილი ადამიანების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავცელებს. ტელეგრამ არხებზე დღეს დაბომბილი თეატრიდან პირველი კადრებიც გავრცელდა, რომელშიც დანგრეული შენობა ჩანს. ადამიანი რომელიც კადრებს იღებს ამბობს, რომ რუსულ ჭურვებს თეატრის სარდაფში მყოფი ადამიანები გადაურჩნენ, თუმცა ნანგრევებში ზედა სართულზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები მოყვნენ. მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმა დაახლოებით 2 კვირის წინ განხორციელდა. შენობაში ძირითადად ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თეატრმა დაბომბვას გაუძლო, თუმცა დღეს გაირკვა რომ თავდასხმას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსი ოკუპანტების სისასტიკეს ყველაზე კარგად ასახავს. ისედაც დანგრეულ ქალაქში დაბომბვები ამ დრომდე არ წყდება. მარიუპოლში სადაც ჰუმანიტარული კატასტროფაა ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ რჩება. ისინი უკვე 30 დღეა სარდაფებში, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე არიან. რუსული ძალები ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს ქალაქში არ უშვებენ. დღეს უკრაინის პოლიციის გენერალმა ვიაჩსლავ აბროსკინმა რუს ოკუპანტებს მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ საკუთარი თავი შესთავაზა. ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში გენერალი წერს, რომ თუ ბავშვებს მარიუპოლიდან გამოატანენ, ის მტერს ბოლო საგუშაგოზე ჩაბარდება.
ომის დაწყებიდან 30 დღეში, რუსული აგრესიის შედეგად 135 ბავშვი დაიღუპა, 184-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. სარაკეტო თავდასხმები კი არ წყდება. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქზე მიიტანეს იერიში. კიევის ოლქში ვასილკოვას დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც დიდი დაკვამლიანება გამოიწვია. კიევში ააფეთქეს ნავთობბაზაც, რომელიც უკრაინულ არმიას საწვავით ამარაგებდა. თავდასხმები განხორციელდა ლუგანსკის ოლქზეც. ოკუპანტებმა 3 ქალაქი დაბომბეს. ავიაიერიშების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 8 კი – დაშავდა. დაზიანებულია 32 ობიექტი, მათ შორის სახლები და სკოლები. მძიმე ვითარებაა ხარკოვშიც. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ყოველ დღე ინტენსიურად იბომბება. ხარკოვში საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სკოლების და ინფრასტრუქტურული ობიექტების დიდი ნაწილი განადგურებულია. დღეს ხარკოვში სამედიცინო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაუღუპა, 3 კი დაიჭრა.
უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა. უკრაინელმა სამხედროებმა უცხოური ლეგიონის დახმარებით სრულად დაიბრუნეს კონტროლი ქალაქ ირპენზე. ამ დროისთვის კი ბრძოლები ქალაქ ბუჩაში მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში ვარცელდება კადრები, სადაც ირპენში არსებული ვითარება ჩანს. ქალაქის ქუჩებში უკრაინელებთან ერთად ქართველი მოხალისეებიც იმყოდებიან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ირპენს, ბუჩას, ახტირკასა და ნიკოლაევს გმირი ქალაქების სტატუსი მიანიჭა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 9 შეტევა მოიგერიეს, კიდევ 200 ოკუპანტი გაანეიტრალეს, მრავალი ერთეული ტექნიკა კი გაანადგურეს. უკრაინელმა სამხედროებმა კიდევე რთი რუსი გენერალი იაკოვ რეზანცევი მოკლეს, რომელიც სირიაშიც იბრძოდა. 30 დღის განმავლობაში რუსეთმა ჯამში 16 100 ჯარისკაცი, 561 ტანკი, 1625 ჯავშანმანქანა, 291 საარტილერიო სისტემა, 115 თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი და სხვა საბრძოლო ტექნიკა დაკარგა.