გადაწყვეტილება მიღებულია – ნატო-ს ლიდერები აღმოსავლეთში თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ | 24.03.2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, NATO-ს ლიდერები აღმოსავლეთში, თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო აჭურვილობით გაძლიერებას და მას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო დაცვის სისტემებსა და დრონებს გადასცემს. ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო პოზიციების გამყაარებს. NATO-ს საბრძოლო დანაყოფებს 4 ქვეყანაში: ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში გზავნის. სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, გაიზარდოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ჩარევის გამო, რისკის ქვეშ არიან.სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასეთ ქვეყნებში NATO საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მოიაზრებს.

“აღარასოდეს, გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში” – NATO-ს ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს წინ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უძღვოდა, რომელმაც სამიტის მონაწილეებს ონლაინ ფორმატში მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის იარაღი, უფრო კონკრეტულად კი სამხედრო თვითმფრინავები. ზელენსკის თქმით, გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების მიუხედავად, უკრაინა ჯერ კიდევ არ იღებს თავდაცვისთვის საკმარის შეიარაღებას.

“ომის 1 თვის განმავლობაში რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ უკვე 1000 რაკეტა გაისროლა. რამდენიმე ასეული ფრენა განახორციელა. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ  სრულიად ლოგიკური თხოვნით – მოგმართეთ რათა უკრაინის ცა ჩაგეკეტათ. ასევე გთხოვეთ რომ ჩვენი ხალხი რუსული რაკეტებისგან დაგეცვათ. ჩვენ მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია. ომის შედეგებს ხედავთ. უკრაინული არმია, მტერს არათანაბარ პირობებში მედგრად ებრძვის. უკრაინას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო დახმარება სჭირდება. ასევე მოგმართეთ რომ საავიაციო დახმარება გაგეწიათ და თვითმფრინავები მოგეცათ – თუმცა ჯერჯერობით ერთიც კი არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა რომ ათასობით გყავთ. მოგმართეთ თხოვნით ტანკები მოგეცათ იმ ქალაქების დასაცავად რომელიც ახლა ნადგურდება. მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი და კიდევ სხვა ათობით ქალაქი. ქალაქები, სადაც რუსეთს ასობით ათასი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს ელემენტარული საკვებიც კი არ აქვთ. თქვენ  20 ათასზე მეტი ტანკი გყავთ, ჩვენ მეასედი გთხოვეთ, ანუ 20 ათასი ტანკის 1 პროცენტი – გთხოვეთ, რომ მოგეცათ ან მოგეყიდათ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. საშინელი ომის დროს, კიდევ უფრო დიდი საშინელება პასუხის უქონლობაა. უკრაინას ეს ომი არასოდეს სურდა და არც ახლა სურს. უბრალოდ ჩვენი მოქალაქეების დაცვა გვინდა. პრეტენზიებს არ გიყენებთ, თუმცა უკრაინელები ვერასოდეს იფიქრებდნენ რომ ალიანსი და ალიანსის წევრი ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ვერ ვიფიქრებდით რომ ნატოს რუსეთის მოქმედებების შეეშინდებოდა. დარწმუნებული ვარ, ნატოს კარგად ესმის,  რომ რუსეთი უკრაინაზე შეჩერებას არ აპირებს. მას სურს რომ წინ წავიდეს. უნდა რომ ნატოს დასავლელ წევრებს შეუტიოს. შემდეგი სამიზნე პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. იმოქმედებს თუ არა ნატო და ინერვიულებს თუ არა ამაზე, ვის შეუძლია ამაში დარწმუნებული იყოს, ან გჯერათ თუ არა რომ მე-5 მუხლი იმოქმედებს?! ბუდაპეშტის მემორანდუმმა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ვერ იმუშავა. გულწრფელად გეტყვით რომ ბუდაპეშტი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად არ მუშაობს. მადლობელი ვარ ალიანსის იმ წევრი ქვეყნების, რომლებიც ცალკე გვეხმარებიან. მადლობა თითოეულ მათგანს, მაგრამ ალიანსი ? მეხუთე მუხლი ხომ ფუნდამენტალურია ?! თქვენი რეალური მოვალეობაა, როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. შეგიძლიათ თქვენი თვითმფრინავებისა და ტანკები მეასედი მოგვცეთ, ან უბრალოდ მოგვყიდოთ.  ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, პასუხი მხოლოდ თქვენზეა. მადლობა მათ ვინც გვეხმარება. დიდება უკრაინას,” – ვოლოდიმირ ზელენსკი.