უკრაინის ქალაქები უკვე 28-ე დღეა იბომბება. ოკუპანტების სამიზნე დღეს ისევ დედაქალაქია. კიევში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი მაშველებსაც გაუხსნეს, რომლებიც შენობებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობდნენ. ოკუპანტებმა დილით კიევის ორი რაიონი გრადებით დაბომბეს. იერიში საცხოვრებელ კორპუსებზე და სახლებზე მიიტანეს, არიან დაშავებულები. უკრაინული მედიის ინფორმაციით კიევის ოლქში რუსმა ჯარისკაცებმა მამაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გააუპატიურეს. უკრაინის პროკურატურამ ომის დანაშაულზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ჭურვები ჩამოცვივდა ლუგანსკის ოლქშიც. რუბეჟნოეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა, რის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც დაიწვა. თავდასხმები განხორციელდა მიკოლაევშიც. გარდაცვლილია ორი სამოქალაქო პირი. ჩერნიგოვში კი ოკუპანტებმა დესნაზე გადებული ის ხიდი ააფეთქეს, რომლითაც ქალაქი კიევს უკავშირდებოდა. ამ ხიდის დახმარებით ჩერნიგოვიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ხდებოდა.
მასშტაბური ხანძარია სუმის ოლქის ქალაქ ტროსტიანეცში. ინტენსიური დაბომბვების და მიმდინარე ბრძოლების გამო ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ქუჩაში ყოფნა საშიშია, ვინაიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან. სუმის ოლქში მძიმე ვითარებაა, ადამიანებს საავადმყოფომდე მისვლის საშუალებაც არ აქვთ, რის გამოც ორსული ქალები სახლებში მშობიარობენ.
ყველაზე რთული მდგომარეობა, ისევ მარიუპოლშია. საპორტო ქალაქი მუდმივად იბომბება. უკრაინული მედია დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს, რომელშიც განადგურებული ქალაქი და ზარალის მასშტაბები კარგად ჩანს. მარიუპოლში ისევ ჰუმანიტარული კრიზისია. ალყში მოქცეულ ქალაქში ჩარჩენილ მოსახლეობას არ აქვს საკვები, წყალი და გათბობა. ევაკუაცია კი ისევ გართულებულია. რუსი სამხედროები ჰუმანიტარულ დერეფნებს ცეცხლს უხსნიან. ოკუპანტებმა მარიუპოლისკენ მიმავალი 11 ავტობუსი გაიტაცეს, რომლებიც ქალაქში მოსახლეობის გამოსაყვანად მიემართებოდა. ავტობუსები მძღოლებთან ერთად აგრესორებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
24 თებერვლიდან დღემდე რუსეთმა უკვე 15 600 ჯარისკაცი დაკარგა. 28 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 517 რუსული ტანკი, 1578 ჯავშანმანქანა, 267 საარტილერიო სისტემა, 101 თვითმფრინავი, 124 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა. მხოლოდ ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 6 თვითმფინავი, ერთი ვერტმფრენი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი და 5 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. რუსულ არმიაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ოკუპანტების სატელეფონო საუბრებიც ადასტურებს, რომლებიც უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
პენტაგონის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო ძალის 10%-ზე მეტი უკვე დაკარგა. 150 000 სამხედროზე მეტი კი რომელიც შეჭრამდე უკრაინის საზღვრებთან იყო მობილიზებული სამხედრო ძალას არ წარმოადგენს და მათი დიდი ნაწილი დამხმარე ფუნქციას ასრულებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ცივი ამინდის შესაბამისი აღჭურვილობის გამო იყინებიან, აქვთ საკვებისა და საწვავის დეფიციტიც, ამიტომ პენტაგონი თვლის, რომ უკრაინის არმია უკვე მზად არის და საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია.