პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე – მსოფლიო პუტინის წინააღმდეგ | 23.03.2022

„მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდება“ – NATO-ს საგანგებო სამიტამდე ერთი დღით ადრე ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თავის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ, ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინასთან მიმართებაში დამატებით დახმარებას შემოიღებენ. იენს სტოლტენბერგი მოელის, რომ მსოფლიო ლიდერები დაეთანხმებიან გააძლიერონ NATO-ს პოზიცია ყველა სფეროში, ალიანსის ძალების მნიშვნელოვანი გაზრდით, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მზად არიან უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთონ, თუმცა NATO-ს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ომი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს. გენერალურმა მდივანმა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდვიდუალური მხარდაჭერის გააქტიურებაზეც ისაუბრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროპაში მიემგზავრება. ჯო ბაიდენი საგანგებო ვიზიტით ბრიუსელში ჩავა და მოკავშირეებთან ერთად  უკრაინის საკითხზე იმსჯელებს. მთავარი განსახილველი თემა კრემლის მიმართ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება და რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი ხვალ NATO-ს საგანგებოდ მოწვეულ სხდომასაც დაესწრება. ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტის დროს დუმის 300-ზე მეტი დეპუტატისთვის  სანქციების დაწესებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. შტატების ოფიციალური პირების თქმით, ეს სანქციები ევროკავშირთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციის შედეგად დაწესდება. მომავალი სანქციების პაკეტი, რომელიც ომის მეოთხე კვირაში ამოქმედდება,  400 ინდივიდს, მათ შორის 325 დეპუტატს მოიცავს. ჯო ბაიდენი ბრიუსელის შემდეგ პოლონეთშიც ჩავა, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე პოლონელ კოლეგასთან ისაუბრებს.

“მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც შევხვდები ნატო-ს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ. ამის შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან. ამ ვიზიტით ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს,” – ჯო ბაიდენის განცხადება.

პოლონეთის პრეზიდენტმა კი ბაიდენთან შეხვედრამდე, რუსეთის ქმედებები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს, პუტინი კი ჰიტლერს შეადარა. ანჯეი დუდამ სოფიაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ამ საზარელი ომის დანაშაულის მონაწილეები საერთაშორისო ტრიბუნალებზე პასუხს მკაცრად აგებენ.

BBC-ის ინფორმაციით, პოლონეთი ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის დაყენებას გეგმავს. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ. პარალელურად, უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა პოლონეთს დახურული არხებით სიგნალი გაუგზავნა,  თუ პოლონეთი უკრაინის ანტირუსული პოზიციის მხარდაჭერას, NATO-ს იარაღის მიწოდებასა და უკრაინაში საკუთარი მოხალისეების გაგზავნას გააგრძელებს, რუსეთი პოლონეთის ქალაქებს დაარტყამს. უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი კონფრონტაცია იქნება.

მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. რუსული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა და პუტინმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილეს. საფრანგეთის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა. “სიენენის” ინფორმაციით, ორ პრეზიდენტს შორის საუბრის შემდეგ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებებია.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებიდან 28 დღე გავიდა. მიუხედავად მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევისა, საომარი მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.