მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს- არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა | 23.03.2022

22 არასამთავრობო ორგანიზაცია  ხელისუფლებას  ურჩევს  დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება  ზედაპირულია. ამბობენ, რომ მმართველი ძალის მხრიდან მოქალაქეების ომით დაშინება, სიძულვილის ენის გამოყენება  და რუსული პროპაგანდის გაძლიერება,  საზოგადოების დემორალიზებას იწვევს.

არასამთავრობო სექტორს აინტერესებს, თუ რა გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთისთვის,  უკრაინაში შეჭრის  გამო  დაწესებულ სანქციებს, სწორედ ამიტომ, ისინი მთავრობას პარლამენტში, ოპოზიციისა და  ექსპერტების მონაწილეობით, შეხვედრების ჩანიშვნას ურჩევენ.

“ქართული ოცნება” რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყბულ ომს გმობს და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს, თუმცა ოფიციალური თბილისი არ უერთდება იმ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა კრემლს დაუწესა. მმართველი პარტია ამ პოზიციას იმით ხსნის, რომ სანქციებში ჩართვა,  ქვეყანას აზარალებს.  ამ გადაწყვეტილების გამო, ოპოზიცია,  არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი  ხელისუფლებას  რუსეთთან კავშირებში ადანაშაულებს. სანქციებზე,    “ქართული ოცნებისგან” მკაფიო პოზიციას ითხოვს  საერთაშორისო საზოგადოებაც.