გამოვიყენებთ ბირთვულ იარაღს, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება – პესკოვი | 23.03.2022

„ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება“ – რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს ჯერაც არ მიუღწევია თავისი სამხედრო მიზნისთვის. CNN-ის ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში პესკოვმა უარი თქვა გამოერიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. აღნიშნა, რომ უკრაინაში ე.წ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” კრემლის გეგმის მიხედვით მიდის. მან გაიმეორა ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები და თქვა, რომ “ოპერაციის” მთავარი მიზნები “უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა”, “ნაციონალისტური ბატალიონების” თავიდან მოშორება და იმის უზრუნველყოფაა, რომ უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იქნება.

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მაშინ შესაძლოა გამოვიყენოთ.  პრეზიდენტ პუტინის განზრახვაა მსოფლიოს გააგებინოს ჩვენი წუხილები. ორი ათეული წელია ამის თქმას ვცდილობთ მსოფლიოსთვის, ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ არავინ გვისმენდა და სანამ ძალიან გვიანი არაა, გადავწყვიტეთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება, რათა მოგვეცილებინა ჩვენს საზღვრებთან შექმნილი ანტი-რუსეთი. ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. თუ ქვეყნის არსებობას შეექმნება საფრთხე, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები,” – დმიტრი პესკოვი.

დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს უწოდებენ პენტაგონში. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ბირთვული იარაღის მქონე პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ასე არ იქცევა.ამასთან, კირბიმ თქვა, რომ პენტაგონს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია არაფერი ისეთი, რაც შეერთებულ შტატებს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციების შეცვლისკენ უბიძგებს.