რუსეთის ომის 27-ე დღე უკრაინაში | 22.03.2022

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებენ. ოკუპანტების სამიზნე დღეს ისევ ხარკოვია. რუსმა სმხედროებმა თავდასხმა საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს. არიან დაშავებულები. დაიბომბა კიდევ ერთი სკოლა. ხარკოვში შენობების უმეტესობა უკვე განადგურებულია. მოსახლეობა კი 27 დღეა სარდაფებში ცხოვრობს. საჰაერო დარტყმა განხორციელდა ჟიტომირშიც. უკრაინული მედიის ინფორმაციით დაბომბვის შედეგად 3 საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, 10-მდე კი დაზიანებულია. გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სარაკეტო იერიშები არ წყდება ქალაქ ნიკოლაევშიც. ჭურვები პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება. შენობები განადგურებულია. სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა დილიდან ქალაქს ნანგრევებისგან ასუფთავებს.

ჭურვები ჩამოცვივდა ჩერნიგოვშიც. საოკუაპციო ძალებმა ისევ დასახლებული პუნქტი დაბომბეს. სარაკეტო იერიშის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თავდასხმები განხორციელდა  ბორისპოლზეც.  ქალაქის მერმა ვოლოდიმირ ბორისენკომ მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. ბორისენკო ამბობს, რომ ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მუშაობას გაუმარტივებს.

ისევ მძიმე ვითარებაა მარიუპოლში. ქალაქი ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება. მათ შორის ძირითადად დასახლებული პუნქტები. ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი. უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით ადგილზე 100 000 ადამიანი ჯერ კიდევ რჩება. მარიუპოლიდან ევაკუაცია გართულებულია. რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო დერეფნებს ცეცხლი გუშინაც გაუხსნეს.

ოკუპანტებს ისევ ებრძვიან ხერსონელები. ადგილობრივები დანებებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს მართავენ. რუსმა სამხედროებმა შეკრებილები დღეს ცრემლსადენი გაზით დაშალეს, უშინ კი ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეს ოკუპანტები.

ქალაქ მაკაროვში კი ისევ უკრაინული დროშა აღმართეს. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქთან, ბუჩას რაიონში მდებარე ქალაქი მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. “მტერი გადაგდებულია” – აცხადებს უკრაინის გენშტაბი. უშგოროდში კი უკრაინელმა სამხედროებმა რუსული 25 კაციანი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ეფესბეს აგენტი ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით დაჯგუფება კიევში დივერსიულ ქმედებებს და პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა. ამოღბულია დიდი რაოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მასალა.

რუსეთმა უკრაინაში სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენებაც დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, გაეროს კონვენციით აკრძალული ფფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ჭურვისგან პირდაპირი დაზიანებების საშიშროების გარდა, ფოსფორის საბრძოლო მასალა, ორთქლის ჩასუნთქვის გამო შინაგანი ორგანოების დამწვრობასაც იწვევს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამ დღიანი მარაგიღა დარჩათ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებითაც. უწყება, ასევე, აცხადებს, რომ სუმის ოლქის ოხტირკის რაიონში რუსი ჯარისკაცების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა. 300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და 70 ერთეული აღჭურვილობით ტერიტორია დატოვა. უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგები ყოველდღიურად იზრდება. განადგურებული რუსი სამხედროების რაოდენობამ უკვე 15 300-ს მიაღწია. რუსეთმა დაკარგა 509 ტანკი, 1556 ჯავშანმანქანა, 252 საარტილერიო სისტემა, 99 თვითმფრინავი, 123 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 117-მდე გაიზარდა გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა. 24 თებერვლიდან დღმდე ქვეყანაში 651 საცოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, 3780-მდე კი დაზიანდა. ასეთია 22 მარტის მდგომარეობით,  რუსეთის აგრესიის მძიმე შედეგები.