რიგითი საკანონმდებლო ცვლილება თუ პრეზიდენტის დასჯა – მორიგი დავა ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის | 22.03.2022

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის კვლავ დავის საგანია ის საკანონმდებლო ცვლილება,  რომელიც მმართველ პარტიას შესაძლებლობას მისცემს პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავა დაიწყოს. პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,  მმართველ პარტიას  ცვლილების  გადავადება სთხოვა, ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილება, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, კიდევ უფრო დაძაბავს.  მმართველი გუნდი კი იმეორებს, რომ არსებულ კანონში  ხარვეზია, რომელიც  მის  დაუყოვნებლივ  გამოსწორებას საჭიროებს.  სწორედ ამიტომ, “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება დღეს,  ბიუროზე დაინიცირდა.

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს, “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებულ ცვლილებას. სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. მისი საპარლამენტო მდივანი კი ამბობს,  საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დაგდ, რაც პრეზიდენტმა  საზღვარგარეთ მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტები განახორციელა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს  საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის, სახელუფლებო პარტიამ სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურის გამარტივებაც დაიწყო.  ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შედის. ცვლილებები მმართველ პარტიას მისცემს  შესაძლებლობას, იმპიჩმენტის გარეშე, პრეზიდენტის  მიმართ დავა დაიწყოს.