ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს | 22.03.2022

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. საუბარია  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც  2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე თანამდებობის პირების დაპატიმრება უნდა მოხდეს.   ერთ- ერთია  გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე  ოკუპირებული ცხინვალის,  შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.  ასევე ჰამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო და  დავიდ სანაკოევი, რომელიც იკუპირებული სამხრეთ ოსეთის. ე.წ  პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო.

ჰააგამ დამნაშავედ სცნო,  რუსეთის სამხედრო ძალების გენერალ-მაიორი – ვიაჩესლავ ბორისოვი, თუმცა იგი უკვე  გარდაცვლილია. ოკუპირებული  ცხინვალი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს და ამტკიცებენ, რომ ქართველ სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულებს, დანაშაული არ ჩაუდენიათ.

“ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას ვერასდროს მიიღებს რუსეთი, რომლის ჩარევის წყალობით საქართველოს, როგორც აგრესორ ქვეყანას, აიძულეს მშვიდობა. სამხრეთი ოსეთი და მისი ხალხი კი გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას” – ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.