“მკვლელი დიქტატორი და ნამდვილი ყაჩაღი” – ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი ასე მოიხსენია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტზე ონლაინ ფორმატში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე ისაუბრა. ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს გუშინ ომის დამნაშავეც უწოდა. ამ შეფასებაში პრეზიდენტს სახელმწიფო მდივანიც ეთანხმება. ენტონი ბლინკენის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღება ომის დანაშაულია. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს და უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს. როგორც მან აღნიშნა, დიპლომატია მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერად ჩართვას დეესკალაციისთვის, თუმცა რუსეთი ამის მზაობას არ გამოთქვამს.
„საფრანგეთი უნდა მოემზადოს მაღალი ინტენსივობის ომისთვის, რომელიც შესაძლოა ევროპის კონტინენტზე დაბრუნდეს“ – განცხადება ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საარჩევნო პროგრამის წარდგენისას გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2025 წლისთვის 50 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად ის 40 მილიარდ ევროზე ოდნავ მეტია. მაკრონის შეფასებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ელექტროშოკის ეფექტი ჰქონდა, რამაც ნატო-ს ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა.
მიუხედავად დასავლეთის მკვეთრი გამოხმაურებებისა, რუსეთი ომის შეწყვეტას ჯერ-ჯერობით არ აპირებს და მოთხოვნები უცვლელია. რიტორიკას არ იცვლის სერგეი ლავროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პროპაგანდისტულ russia today-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
ვლადიმერ პუტინმა პირობები თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა – პირველი: უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება, უკრაინამ აღარ უნდა შეავსოს NATO-ს წევრობაზე განაცხადი, ასევე გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა რუსეთისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. მეორე ნაწილი კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, გავრცელებული ინფორმაციით, საკითხები დონბასისა და ყირიმის სტატუსს შეეხება. სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს გაიმართა. სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და გერმანიის კანცლერს შორის. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, გერმანიის კანცლერმა განსაკუთრებული ყურადღებაარსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაამახვილა. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ კიევი მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და ახალ და არარეალურ მოთხოვნებს აყენებს. პუტინმა შოლცთან საუბარში ყურადღება უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დონეცკსა და მაკეევკაში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე გაამახვილა. კრემლში აცახდებენ, რომ საუბარი შოლცის ინიციატივით შედგა.
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფ პროპაგანდისტულ არხ, Russia Today-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. მედიის მარეგულირებელი Ofcom-ის განცხადებით, ლიცენზიის გაუქმება “დაუყოვნებლივ შევა ძალაში”. „ჩვენ არ მივიჩნევთ RT-ის ლიცენზიას, მიზანშეწონილად და სათანადოდ იმისათვის, რომ ჰქონდეს გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო ლიცენზია“ – წერია Ofcom-ის რეგულაციების სამსახურის განცხადებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი ევროკავშირის ქვეყნებშიც იბლოკება.
რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს იაპონია. საუბარია 15 პირზე და 9 ორგანიზაციაზე, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, თავდაცვის მაღალჩინოსნები და სამხედრო ტექნიკის რამდენიმე მწარმოებელი. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯამში იაპონიამ რუსეთში სანქციები 76 ფიზიკურ პირს, 7 ბანკს და 12 სხვა ორგანიზაციას დაუწესა. ახალი სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. ქვეყანამ სანქცირებულთა სიაში რუსი მილიარდელები ოლეგ დერიპასკა და ვიქტორ ვექსელბერგი, ასევე 11 ბანკი და სამთავრობო ორგანიზაცია დაამატა. სანქცირებულთა შორისაა ცენტრალური ბანკი, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების უმეტესობას ფარავს.
საერთაშორისო სანქციების და რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიების გასვლა უკვე რიგით მოქალაქეებზე აისახა. გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რასაც პროდუქტების , საყოფაცხოვრებო ნივთების, მედიკამენტებისა და ტექნიკის გაძვირება მოჰყვა. ფასების ზრდამ ბაზარზე პანიკაც გამოიწვია, რის გამოც მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტი შეიქმნა. რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას ვარაუდობენ საერთაშორისო ექსპერტებიც. კრემლი სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას ვერ ახერხებს, რაც სულ უფრო რეალურს ხდის ინფორმაციას, რომ ან კრიზისის გამო რუსეთი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდება.