“ქვეყნები, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლას შეეცდებიან, შედეგებს აუცილებლად მოიმკიან” | 17.03.2022

“ქართული ოცნების” პოზიცია, რომ საქართველო  რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს  არ უერთდება დღეს  ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ  გახდა.  მმართველი გუნდის  ოპონენტების შეფასებით, პოზიცია  აბსურდულია, რადგან ქვეყანა, რომელსაც ეროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს, ევროკავშირის სანქციების რეჟმს ვერ გაემიჯნება. ოპოზიცია ამბობს, რომ გასული 10 წლის მანძილზე ხელისუფლებამ ქართული ეკონომიკა პირდაპირ რუსეთს  დაუკავშირა, რის გამოც სანქციების დაწესება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ხდება. ოპოზიციის  ბრალდებებს  მმართველ გუნდში არ იზიარებენ,  ამბობენ, რომ  სანქციები რუსეთს საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს დაუწესა და პროცესი დღემდე გრძელდება.

საქართველოს პოზიციას, გაემიჯნოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოსგან არავინ ითხოვს რუსეთისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, თუმცა საერთაშორისო თანხვედრას ელიან. მისივე თქმით,  ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლას შეეცდებიან შედეგებს აუცილებლად  მოიმკიან.