ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება კიდევ ერთხელ მოითხოვა, ისაუბრა მოიერიშე თვითმფრინავების და დამატებითი სანქციების საჭიროებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა ახალი უსაფრთხოების ალიანსის შექმნის აუცილებლობა, მისი თქმით, არსებობს მსგავსი ალიანსი, თუმცა ისინი ახლა ვერ იცავენ უკრაინელ მოსახლეობას. მან სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენებს ვიდეო-მასალა წარუდგინა, რომელიც რუსულ აგრესიას და მის შედეგებს აღწერს. ვიდეო მთავრდება სიტყვებით – “დახურეთ ცა უკრაინის თავზე”.
“მაქვს პატივი მოგესალმოთ უკრაინელი ხალხის სახელით, რომლებიც ებრძვიან რუსულ აგრესიას და გასწირეს შვილები იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსული ოკუპაცია. ახლა წყდება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ბედი. რუსეთი არა მხოლოდ ჩვენ ქალაქებს დაესხა, არამედ უტევს ჩვენ ღირებულებებს და მომავალს. მეგობრებო, ამერიკელებო, თქვენს ისტორიაში ჩაწერილია ისეთი გვერდები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ჩვენი ტკივილი, ჩვენ გვჭირდებით ახლა, გაიხსენეთ “პერლ ჰარბორი”. გაიხსენეთ 11 სექტემბერი საშინელი დღე, რომელიც დადგა 2001 წელს. ეს იყო დღე, როდესაც თავს დაესხნენ ამერიკულ დემოკრატიას და უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა ამას განიცდის ყოველდღიურად უკვე 3 კვირაა. უკრაინული ქალაქები სიკვდილმა მოიცვა. ათასობით ადამიანი დაიღუპა. რუსები დიდი რაოდენობით ბომბებს ისვრიან ჩვენს ქალაქებში. ეს არის ისეთი ტერორისტული აქტი, რაც ევროპას 80 წელია არ უნახავს და ჩვენ ვითხოვთ რომ დაგვეხმაროთ და საპასუხო რეაქცია ჰქონდეს მსოფლიოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ არასაფრენ ზონად გამოცხადდეს უკრაინა, რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს, რომ დაატეროროს ჩვენი ქალაქები. ჩვენ ალტერნატიულ გზებსაც გთავაზობთ, თქვენ მოგეხსენებათ, რა ტიპის უსაფრთხოების სისტემები გვჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოიერიშე თვითმფრინავები. რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას, ევროპას. ისინი არსებობენ და თქვენ გაქვთ ისინი, სამწუხაროდ ისინი არ დაფრინავენ უკრაინის ცაზე და არ იცავენ უკრაინის მოსახლეობას. ესაა ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია, არ უნახავს. ნუთუ, ბევრს გთხოვთ, ჩაკეტეთ ცა, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ჩვენი ხოცვა. ნუთუ ბევრს გთხოვთ?! ან მაშინ ალტერნატივა შემოგვთავაზეთ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ევროპა. „მე მაქვს ოცნება“ და ამ სიტყვებს თქვენ კარგად იცნობთ. ჩემი ოცნებაა, ჩაკეტოთ ცა. ჩემი ოცნებაა ეს, რათა დავიცვა ჩემი ხალხი,” – ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ბოლოს ჯო ბაიდენსაც მიმართა და მას მსოფლიო ლიდერობა სთხოვა, რომელიც მისივე თქმით, მშვიდობის ლიდერობას ნიშნავსს.
“დღეს საკმარისი არ არის, რომ იყო ლიდერი, უნდა იყო მსოფლიო ლიდერი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გახდეთ მშვიდობის ლიდერები, მშვიდობა თქვენს ქვეყანაში არაა დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე და თქვენს მოსახლეობაზე. ეს დამოკიდებულია თქვენს მეზობლებსა და მეგობრებზე. ძლიერი არ ნიშნავს დიდს, ძლიერი ნიშნავს მამაცს და მზაობას იმისთვის, რომ იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიმშვიდისთვის და სიკვდილისთვის თუ შენი დრო მოვიდა. მაგრამ არ უნდა მოკვდე იმისთვის, რომ ეს შენ მეზობელს უნდა. უკრაინელი ხალხი დღეს იცავს არა მხოლოდ უკრაინას, ჩვენ ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის, მსოფლიო ღირებულებებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, სწორედ ამიტომ დღეს ამერიკელი ხალხი ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სრულიად ევროპას და მსოფლიოს იმისთვის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ პლანეტაზე, შეინარჩუნონ სამართლიანობა და ისტორია. თითქმის 45 წლის გახლავართ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია. მე უნდა ვემსახურო ჩემს უკრაინელ ხალხს, და როგორც ჩემი ერის ლიდერი მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, თქვენ ბრძანდებით უდიდესი ქვეყნის ლიდერი და გისურვებთ, რომ გახდეთ მსოფლიო ლიდერი და მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს, რომ იყოთ მშვიდობის ლიდერი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდება უკრაინას,” – ვოლოდიმირ ზელენსკი.