ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებისთვის 13 მილიარ 600 მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს – პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევას ითვალისწინებს. მანამდე დახმარების პაკეტის შესახებ ორპარტიული კანონპროექტი შტატების კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.
პარალელურად, შეერთებული შტატების სენატი გმობს ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს. სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისა და მისი რეჟიმის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. დოკუმენტი, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები. რეზოლუციას ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც იშვიათი მოვლენაა.
უკვე 21 დღეა საერთაშორისო საზოგადოება უკრაინა-რუსეთის ომის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნების დღის წესრიგი კრემლმა თავდაყირა დააყენა.
„რუსეთში არც ტურისტულ ვიზიტებს ვგეგმავთ და იქ არც საბანკო ანგარიშები გვაქვს გახსნილი“ – ასე ეხმაურება თეთრი სახლის პრესსპიკერი რუსეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საპასუხო სანქციების დაწესებას. ჯენ ფსაკი არც იმას გამორიცხავს, რომ კრემლმა სანქცია შესაძლოა არა ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, არამედ მის გარდაცვლილ მამას დაუწესა. რუსეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებით, სანქციები ამერიკის 13 მაღალჩინოსანს დაუწესეს. სიაში ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც მოხვდნენ.
კრემლის სანქციები შეეხო კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოსა და 312 კანადელ თანამდებობის პირსაც. მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ კანადის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის მინისტრებიც.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სანქციებს უკვე თავადაც აწესებს, ეს ვერ ცვლის ფაქტს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი ახლა მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. 6 ათასზე მეტი სანქცით ქვეყანამ – ჩრდილოეთ კორეას, სირიას და ირანსაც გადაუსწრო. გარდა ამისა, რუსეთი დეფოლტის წინაშეა, საერთაშორისო სანქციების გამო, მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. ოკუპანტი ქვეყანა, ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს მსოფლიში ცნობილმა ბრენდებმა, რუსული კომპანიები გააქრეს საერთაშორისო სავაჭრო ქსელებიდან, რუსი ოლიგარქები და პუტინის გარემოცვის წევრები კი ევროპულ და ამერიკულ ბანკებში გადანახულ მილიონობით დოლარს, მდიდრული სახლებს და იახტებს კარგავენ.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დამსახურებით ომის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ლტოლვილებიდან დაახლოებით 1 მილიონ 500 ათასი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, გასული 20 დღის განმავლობაში, უკრაინაში 70 000-ზე მეტი ბავშვი გახდა ლტოლვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წუთში ერთხელ 55 ბავშვი საკუთარ სამშობლოს ტოვებს. ამ დროისთვის, ყოველ წუთში ერთი უკრაინელი ბავშვი ლტლოვილი ხდება.