ჰააგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს | 15.03.2022

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილებას  ხვალ გამოიტანს.  საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს. ოფიციალურმა კიევმა ჰააგის სასამართლოს  უკრაინაში  რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე მიმართა.  უკრაინული მხარე რუსეთს ცრუ განცხადებების გამოყენებაში ადანაშაულებს, საუბარია კრემლის ბრალდებაზე, რომ  უკრაინული ძალები გენოციდს ახორციელებდნენ, დონბასის რეგიონის სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად რეგიონებში. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ასევე ცალკე დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულებებზე. რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების ​საერთაშორისო სასამართლოს მიერ  7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ. კრემლი ოფიციალური კიევის ბრალდებებს არ იზიარებს.