რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ. ოვსიანიკოვას ედავებიან „საჯარო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ იყო“. ცოტა ხსნის წინ სოციალურ ქსელში ოვსიანიკოვას, ადვოკატთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა. ფოტოს რუსი ოპოზიციონერი და ალექსეი ნავალნის თანამოაზრე, ლუბოვ სობოლი ავრცელებს. რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების რედაქტორი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ბანერით ხელში , მთავარი საინფორმაციო გამოშვების დროს, ეთერში შევიდა. “შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, თქვენ აქ გატყუებენ” — ამ წარწერით, ოვსიანიკოვამ უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა. წამყვანმა მომხდარი არ შეიმჩნია და ტექსტის კითხვა განაგრძო, ოვსიანიკოვას კადრი კი გადაფარეს. მომხდარიდან მალე, რუსული მედიების ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელიც ოვსიანიკოვამ, სავარაუდოდ, ეთერში ბანერის გატანამდე ჩაწერა. ვიდეოში ის ამბობს, რომ ბოლო წლებში პირველ არხზე მუშაობდა და კრემლის პროპაგანდას ეწეოდა, რის გამოც ახლა რცხვენია. ოვსიანიკოვა რუს ხალხს მოუწოდებს გამოვიდნენ მიტინგებზე და გააპროტესტონ რუსეთის “ძმათამკვლელი ომი” უკრაინაში.
“რაც ახლა ხდება უკრაინაში დანაშაულია. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და ეს აგრესია მხოლოდ ერთი ადამიანის, ვლადიმერ პუტინის სინდისზეა. მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი რუსი და ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი ჩემს კისერზე სიმბოლოა იმის, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ძმისმკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები ისევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები ვმუშაობდი პირველ არხზე, ვეწეოდი კრემლის პროპაგანდას და ახლა ძალიან მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვაძლევდი უფლებას ეთქვათ ტყუილი ეკრანიდან, მრცხვენია იმის გამო, რომ ვაძლევდი რუსი ხალხის ზომბირების უფლებას. ჩვენ ვდუმდით 2014-ში, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. ჩვენ არ გამოვედით მიტინგზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ, უბრალოდ, უხმოდ ვადევნებდით თვალს ამ არაადამიანურ რეჟიმს და ახლა ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ და ჩვენი შთამომავლების 10 თაობაც ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს. ჩვენ რუსი ადამიანები გონიერები და ჭკვიანები ვართ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ სიგიჟის გაჩერება. გამოდით მიტინგებზე, არაფრის არ შეგეშინდეთ, მათ არ შეუძლიათ ჩვენი ყველას დაკავება,” – მარინა ოვსიანიკოვა.