„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ | 15.03.2022

ქართული ოცნება” პრეზიდენტის გუშინდელ მწვავე მოხსენებას, დღეს  კრიტიკული განცხადებით პასუხობს.  ირკვევა, რომ მმართველი პარტიის  დღევანდელი პოლიტსაბჭო სწორედ  სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შესვლას და პრეზიდენტის მხრიდან  სხვა არასასიამოვნო ტენდენციებზე საუბარს მიეძღვნა. “ქართული ოცნების”  მიერ  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში მიმართოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

მთავრობის მეთაური, მმართველი პარტიის მსგავსად, ქვეყნის  მთავარსარდალს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მთავარი კანონის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. ღარიბაშვილმა დღეს განმარტა, რატომ უთხრეს პრეზიდენტს უარი დასავლეთში ვიზიტებზე.

მიხუდავად იმისა, რომ ქართული ოცნება მისსავე მხარდაჭერილ პრეზიდენტს დღეს ღიად უპირისპირდება- მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ  სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბარი ზედმეტია.

პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა, ასე აფასებს ოპოზიცია ქართული ოცნების ხმაურიან გადაწყვეტილებას. მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლების დღევანდელ გზავნილებს სამარცხვინოს უწოდებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე გუშინ წარსდგა. პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან  ხელისუფლებას  ღიად დაუპირიპირდა,  სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნება სცოდავს, როცა ვერ ბედავს  გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს.   ზურაბიშვილმა ისაუბრა  ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვების დაწესებაზეც  და თქვა, რომ  26 თებერვალს უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა.   როგორც დაანონსდა,  ურთიერთბრალდებების შემდეგ   საკუთარი პოზიციის დაფიქსირება- სალომე ზურაბიშვილს ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწევს.