ჩეჩნეთის მეთაური უკრაინის ხელისუფლებას დანებებას ურჩევს | 14.03.2022

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ამ დღეებში კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გოსტომელში იმყოფებოდა, ახლა კი, კიევთან კიდევ უფრო ახლოსაა. კადიროვის ტელეგრამ-არხზე გვიან ღამით გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, ის „კიეველ ნაციკებს“ მიმართავს, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურმა მუშაობა საერთოდ არ იცის, მაგრამ ძებნა არ მოუწევთ, რადგან მალე ისინი, ანუ ჩეჩნები თავად მოძებნიან. ჩეჩნეთის მეთაური უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს, რომ დიდი დრო აღარ დარჩა და დანებებას ურჩევს. კადიროვის მტკიცებით, კიევში ერთი მხრიდან თავად შედის, ხოლო მეორე მხრიდან შედიან „ძველი გამოცდილი მებრძოლები”, რომლებსაც ხელმძღვანელობს მისი „ძვირფასი ძმა ადამ დელიმხანოვი“.  ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაშია, 13 მარტს გაავრცელა გროზნოს ტელევიზიამ. ერთი დღით ადრე, 12 მარტს კი კადიროვმა განაცხადა, რომ მის მებრძოლებს არ მოსწონთ უკრაინაში მიმდინარე ომის ტემპი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, ცნობები უკრაინაში კადიროვის ყოფნის შესახებ მოწმდება და თუ ის მართლაც კიევის მახლობლადაა, მას უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ. არესტოვიჩის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ერთი დღით ადრე კადიროვი გროზნოში ნახეს.