“ოცნებამ” ზურაბიშვილი დღეს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა | 14.03.2022

მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილი დღეს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. საუბარია, პრეზიდენტის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, პარიზში, ბერლინში, ვარშავასა და ბრიუსელში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც როგორც ირკვევა, მმართველი პარტიის მხრიდან შეზღუდული იყო. “ქართული ოცნების” ლიდერებმა პრეზიდენტი დაადანაშაულეს პარლამენტის უპატივცემულობაშიც. მიზეზი, სასესიო დარბაზში, პრეზიდენტთან ერთად,  უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის გამოჩენა გახდა.

პრეზიდენტის დღევანდელი განცხადებებისა და მათზე, “ქართული ოცნების” რეაქციის გამო, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგეს. მიაჩნიათ, რომ მმართველი  გუნდის განცხადებები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” სრულ სასოწარკვეთილებაშია. ოპოზიცია დღეს უფრო ხმამაღლა საუბრობს მთავრობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის განხეთქილებაზე. ოპოზიციის ნაწილს პრეზიდენტის გამოსვლა მოეწონა და მას შენიშვნების ნაწილში ეთანხმება.

სალომე ზურაბიშვილის ანგარიში შეაფასა არასაპრლამენტო ოპოზიციამაც. ამბობენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში საკუთარ პასუხისმგებლობას და დანაშაულს ვერ ხედავს. ოპოზიციის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ პირადი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.