ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა | 11.03.2022

ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა.  გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ მინძაევი; დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი;ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავიდ სანაკოევი – ეს ის პირები არიან რომელთა დაკავებასაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ითხოვს.  მეოთხე ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, ვიაჩესლავ ბორისოვია, რომელიც იმ დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო. ის  გარდაცვლილია. პროკურორის შეფასებით,  აღნიშნულმა პირებმა 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და მძევლები აიყვანეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ბრძანების გამოცემით საქართველომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა.

2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე თუ სამხედრო პირი დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ომის დროს ადგილი ჰქონდა სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, ქონების მასობრივი განადგურების და ძარცვის, იძულებითი გადაადგილების და დევნის, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. აღნიშნულ აქტებს, რომელიც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს წარმოადგენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკვე 6 წელია იძიებს.