ომის მე-16 დღე უკრაინაში – რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებენ | 11.03.2022

ომის მე-16 დღე უკრაინაში. რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებენ. დღეს დილით ოკუპანტებმა  ქალაქები დნიპრო და ლუცკი პირველად დაბომბეს. დნიპროში ავიაიერიში საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ჭურვი მოხვდა ფეხსაცმლის ფაბრიკასაც. არსებული ინფორმაციით თავდასხმის შედეგად  ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავიაიერიში განხორციელდა ქალაქ ლუცკის აეროდრომზეც.  თავდასხმას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 6 ადამიანი კი დაიჭრა.  მერის ინფორმაციით ქალაქში გაფრთხიელბის სისტემა არ მუშაობდა  და განგაშის სიგნალი არ ჩაირთო. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ივანო -ფრანკოვსკიც. თავდასხმა აეროპორტზე განხორციელდა. ქალაქის მერი მოუწოდებს მოსახლეობას არ გაავრცელონ აფეთქების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. როგორც ირკვევა განგაშის სისტემამ არც ივანო ფრანკოვსკის შემთხვევაში იმუშავა.

კრიტიკული ვითარებაა  მარიუპოლში. დღეს დილიდან ისევ დაიწყო ქალაქის ინტენსიური დაბომბვა. ქალაქის მერის ინფორმაციით საჰაერო შეტევა ყოველ ნახევარ საათში ხორციელდება. სამიზნე კი ისევ საცხოვრებელი ადგილები და მშვიდობიანი მოსახლეობაა. მარიუპოლის მერი რუსეთს აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ინტენსიური ავიაიერიშები გრძელდება ქალაქ ხარკოვზე. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი ფსიქონევროლოგიურ პანსიონს გაუხსნეს, რომელშიც 330 ადამიანი მკურნალობდა. მათ შორის 50 მძიმე პაციენტია. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ხარკოვში ჭურვი მოხვდა ბირთვული კვლევის ინსტიტუტის შენობასაც,  სადაც სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი ინახება, რომლის დაზიანების შემტხვევაში შესაძლოა რადიაცია გამოიყოს. რუსული ძალები უკრაინაში უკვე აკონტროლებენ ორ ატომურ ელექტროსადგურს, რაც იწვევს შეშფოთებას ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების შესახებ.

რუსეთის ჯარები კი უკრაინის დედაქალაქს კიდევ 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ. ინფორმაციას BBC ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედროები ახლა კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით არიან.  შესაბამისად კიევის შემოგარენში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრინის არმიამ ოკუპანტებისგან, ჩერნიგოვის ოლქის 5 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის რუსეთმა 12000 -ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ათასობით საბრძოლო ტექნიკა დაკარგა. ეს რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.  ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მიაღწიეს.

“უკვე 16 დღეა მტერს ვებრძვით და ეს 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მათ ეგონათ. ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს არმიას, რომელიც ფიქრობდა რომ უკრაინა დანებდებოდა. ეგონათ რომ უკრაინულ ქუჩებში ადამიანები ყვავილებით დახვდებოდნენ. ყველაფერი პირიქით მოხდა. უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ოკუპანტს საკუთარი მიწის ერთ სანტიმეტრსაც კი არ დაუთმობენ და  ყოველთვის დაიცავენ. როდესაც ვხედავთ თუ როგორ ებრძვის ჩვენი არმია მტერს და როგორ ანადგურებს მტრის ჯარს, იმედი მიჩნდება რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მარგამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ომია. უნდა მოვითმინოთ და ვიბრძოლოთ. ჯერ ვერ ვიტყვით რა დრო დაგვჭირდება ჩვენი მიწიდან მტრის განსადევნად, თუმცა ამას აუცილებლად ვიზამთ. ომში სტრატეგიული გარდატეხა უკვე შევიტანეთ და ვუახლოვდებით ჩვენს გამარჯვებას, თუმცა როგორც გეუბნებით ამას დრო დასჭირდება. ომი პრინციპულ და ჯიუტ მეტოქესთან გვაქვს. ქვეყანა რომელიც ჩვენთან საბრძოლველად რეზერვისტებსაც კი აგზავნის.  ამასთან, სირიელი დაქირავებულ მკვლელები გამოგვიგზავნეს. არ დაგვავიწყდეს რომ სირიაც ისე გაანადგურეს, როგორც ახლა ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ,” – ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის ხელისუფლება იმ ქალაქებიდან სადაც ყველაზე კრიტიკული ვითარებაა, ახალი ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ცდილობს. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლიც რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარა, აგრესორი  საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს, ტყვედ აჰყავს და აწამებს ადგილობრივ მოსახლეობას. მათივე ინფორმაციით დროებით მიტაცებულ ტერიტორიებზე აქტიურად ამუშავდა კრემლის აგრესიული პროპაგანდაც.

შეთანხმების მიუხედავად რუსული ჯარების ალყაში მოქცეული ქალაქებიდან ადამიანების ევაკუაცია ისევ გართულებულია. ოკუპანტები საევაკუაციო მარშრუტების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან. ამიტომ ზოგიერთი ქალაქიდან მათ შორის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა ვერ ხერხდება. ადამიანები უკვე ორი კვირაა სარდაფებში მძიმე პირობებში იმყოფებიან. აღარ აქვთ საკვები, წყალი, ელექტროენერგია და გათბობა.  ადამიანები ამბობენ, რომ ღამით ტემპერატურა მინუს 5 გრადუსამდე ეცემა, ამ ფონზე კი ვერაფრით თბებიან.