რუსეთში შესაძლოა ამოიწუროს მედიკამენტების დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების მარაგი. მიზეზი საერთაშორისო სანქციებია, რის გამოც რუსეთი იმპორტირებული ნედლეულის გარეშე დარჩა, როგორც ცნობილია ადგილობრივი წარმოების პრეპარატების 85 პროცენტამდე სწორედ უცხოური ნედლეულით მზადდება. როგორც გაზეთი “კომერსანტი” წერს, ბოლო 10 დღის განმავლობაში იმპორტირებული მასალები 30-35%-ით გაძვირდა. აფთიაქებში იწურება ინსულინის და დიაბეტის მონიტორინგის და თერაპიის დროს გამოყენებული საშუალებების მარაგი. რუსეთში იწურება ბავშვთა კვების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულიც. “კომერსანტი” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავაჭრო ქსელები ემზადებიან გაყიდული პროდუქციის რაოდენობის შესაზღუდად ერთ სულ მყიდველზე. კომპანია Nestle საცალო ვაჭრობის ქსელებს ატყობინებს, რომ რძის მშრალი ფხვნილების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მხოლოდ კვირა-ნახევარი ეყოფა – წერს გაზეთი. უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო, მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო, ანალოგიური პრობლემები მრეწველობის სხვა სფეროებშიც გაჩნდა.