უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 9 აქტივისტი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. დაკავებულია აქციის თითქმის ყველა ორგანიზატორი. სამართალდამცავებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დაპირისპირება, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოხდა. პარლამენტის შენობიდან კანცელარიამდე მსვლელობით მისულ სამოქალაქო აქტივისტებს მთავრობასთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა და რკინის ჯებირები დახვდათ, რომელსაც პროტესტის ნიშნად ტუალეტის ქაღალდები ესროლეს. აქტივისტები ამბობენ რომ დაკავებები უკანონოდ მოხდა, რადგან აქცია უკვე დასრულებული იყო.
სამოქალაქო საზოგადოება გუშინ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას აპროტესტებდა, ასევე რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას და რუსეთისთვის ცის დაკეტვას მოითხოვდნენ. დაკავებულები არიან სირცხვილიას ლიდერები გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე გიორგი მჟავანაძე, ზუკა ბერძენიშვილი და სხვები. ხელწერილის საფუძველზე გვიან ღამე გაათავისუფლეს ნატა ფერაძე, ლიკა ლომიძე და გვანცა პერტია. გომელაურის უწყებამ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.