რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რეკორდულ მაჩვენებელზეა | 08.03.2022

უკვე 13 დღეა საერთაშორისო საზოგადოება უკრაინა-რუსეთის ომის გამო,  საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ცნობილი ხდება, რომ წამყვანი ამერიკელი სენატორები  ნატო-ს წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის  რუსული წარმოების გამანადგურებლების გადაცემისკენ მოუწოდებენ.  სენატორი ბობ მენენდესი დაჟინებით მოუწოდებს შტატების  ადმინისტრაციას, რომ პასუხისმგებლობა იკისროს ნატო-ს ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მზად არიან უკრაინას მათ შეიარაღებაში არსებული რუსული გამანადგურებლები გადასცენ. დემოკრატმა ბობ მენენდესმა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესაბამისი შინაარსი  წერილი  უკვე გაუგზავნა.

რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები კი ისევ ფართოვდება. მორიგი სანქციები კრემლს – იაპონიის მთავრობამ დაუწესა.  32 რუს და ბელარუსელ ოლიგარქს შეზღუდვები დაუწესდათ. აქტივებს გაუყინავენ 12 კომპანიას. იაპონიის პერსონალური სანქციები შეეხო ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს, ასევე ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს და ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს. რუსი ოფიცრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ავსტრალიამაც. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა. შეზღუდვები დაწესდება ავსტრალიიდან იმ საქონლის ექსპორტზე, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდება. სანქციების სიას პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი 10 პირი დაუმატა კანადამაც.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რეკორდულ მაჩვენებელზეა. ოკუპანტმა ქვეყანამ  გაუსწრო ირანს, სირიას და ჩრდილოეთ კორეას. ამას მოწმობს სანქციების, საექსპორტო კონტროლის და ჯარიმების საერთაშორისო ბაზის მონაცემები. 2022 წლის 22 თებერვლიდან რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი – 568 სანქცია, შვეიცარიამ აამოქმედა.

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტად დასჯიან უკრაინაში შეჭრის გამო.  აშშ-ს. საფრანგეთის, გერმანიისა  და ბრიტანეთის პირველი პირები  რუსეთის ნავთობის და გაზის იმპორტის აკრძალვას აქტიურად განიხილავენ. ოფიციალური მოსკოვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ამგვარ აკრძალვას “კატასტროფული” შედეგები მოჰყვება გლობალური ბაზრისთვის და ის გამოიწვევს ფასების ქაოსურ ზრდას.

BBC-ის ინფორმაციით,  ევროკომისია სწორედ დღეს წარადგენს გეგმას რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ.  ევროკავშირში აცხადებს, რომ რუსული გაზისგან დამოუკიდებლობა რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი. ევროკავშირი ნავთობისა და გაზის ემბარგოს საკითხს ხუთშაბათს საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების 27-ე სამიტზე განიხილავენ.