უკვე მე-12 დღეა რუსული არმია უკრაინის ქალაქებს ბომბავს | 07.03.2022

უკვე მე-12 დღეა რუსული არმია უკრაინის ქალაქებს ბომბავს. ოკუპანტები შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და  ქვეყნის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებენ. საოკუპაციო ჯარები ისევ ცდილობენ ალყაში მოაქციონ კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაივი, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ წინააღმდეგობას უწევენ. ცოტა ხნის წინ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ნიკოლაევის აეროპორტზე კონტროლი აღადგინეს. ქალაქის ხელმძღვანელობა აბობს, რომ ურდო დამარცხებულია, აეროპორტს კი უკრაინელები აკონტროლებენ.

რუსმა სამხედროებმა თავდასხმა განახორციელეს ვინიცას აეროპორტზე. აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 სამხედრო მოსამსახურე. მაშველებმა ნანგრევებიდან 6 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ძლიერი აფეთქება მოხდა ლუგანსკის ნავთობბაზაზეც, რომელიც, უკვე რამდენიმე წელია, არ მუშაობს. მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

რუსი სამხედროები სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობენ ქალაქ ბუჩაზე, გოსტომელსა და ირპენზე.  ეს ქალაქები ოკუპანტების  ალყაში რჩება. მოსახლეობას აღარ აქვს წყალი, საკვები, ელექტროენერგია და გათბობა.  ოკუპანტებმა ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებაც აუკრძალეს და წასვლის საშუალებას არ აძლევენ. ის კი, ვინც ქალაქიდან გაქცევას გაბედავს ქუჩაში კლავენ. რუსმა სამხედროებმა ირპენში ევაკუაციის დროს 8 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის ოთხი წევრია – ორი ზრდასრული და ორი ბავშვი.

უკრაინის მთავრობა ირპენიდან, ბუჩადან და  გოსტომელიდან ე.წ. მწვანე დერეფნების ორგანიზებას ცდილობს, თუმცა ევაკუაცია ჯერჯერობით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, უკრაინელი სამხედროები მოსახლეობის ნაწილის გაყვანას მაინც ახერხებენ. უკრაინის გენშტაბი რუს სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ოკუპანტების ალყაში მოქცეულ ქალაქებში არსებულ ვითარებაზე დღეს უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს უკრაინის ცის დახურვის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა ჰუმანიტარული კორიდორების ზუსტი მარშრუტი და ევაკუაციისთვის უსაფრთხო ლოკაციები გამოაქვეყნა. ევაკუაცია უკრაინის ოთხი ქალაქიდან სუმიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და კიევიდან განხორციელდება, თუმცა როგორც ირკვევა  ხარკოვისა და კიევის საევაკუაციო მარშრუტს ადამიანები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიჰყავს. სწორე ამიტომ უკრაინა ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებაზე უარს აცხადებს.

ოკუპანტების ალყაშია მოქცეული ქალაქი ხერსონი, თუმცა მოსახლეობა დანებებას არ აპირებს. ადგილობრივები  საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და რუსულ ჯარს უკან გაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ხერსონის მოსახლეობას დღეს რუსმა სამხედროებმა ცეცხლიც გაუხსნეს. თავდაპირველად ისინი ჰაერში ისროდნენ, თუმცა მოგვიანებით სროლა აქციის მონაწილეების მისამართით დაიწყეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციით უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან მინიმუმ 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 25 ბავშვი. 24 თებერვლიდან დღემდე დაშავებულ მოქალაქეთა რაოდენობა კი 760-ს აღწევს. ირდება დევნილების რაოდენობაც. ომის გამო საკუთარი სახლის დატოვება უკვე მილიონნახევარზე მეტ ადამიანს მოუწია.  ლტოლვილი ბავშვების, ქალების და მამაკაცების უმეტესობა პოლონეთმა მიიღო. ნაწილმა კი უნგრეთის, მოლდოვის, სლოვაკეთისა და რუმინეთის საზღვრები გადაკვეთეს.

სიენენის ინფორმაციით რუსეთს, უკრაინის საზღვრებტან მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს. ოკუპანტებმა ქვეყნის წინააღმდეგ ჯამში 600 რაკეტა გამოიყენეს. მიუხედავად ამისა რუსეთის არმია უკრაინის დედაქალაქში შესვლას ვერ ახერხებს. კიევის მისადგომებთან რუსული სამხედრო ძალის კოლონა, რომელიც დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული, კვლავ გაჩერებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს წინააღმდეგობას უწევენ. კიევის შესასვლელებთან მოწყობილია ბარიკადებიც.

ყოველდღიურად იზრდება რუსული არმიის დანაკარგები. უკრაინელმა სამხედროებმა 11 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, გაანადგურეს 117 რუსული საარტილერიო სისტემა, 50 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა და 68 ვერტმფრენი. რუსულმა არმიამ დაკარგა 290 ტანკი, 46 თვითმფრინავი, 999 ჯავშანტრანსპორტიორი და 3 ხომალდი.