“პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას” | 04.03.2022

რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთსა და მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, შეზღუდვები არ დააწესონ. “რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვები მეზობლების მიმართ” – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, ბორან „მარშალ როკოსოვსკიზე“ დროშის აღმართვის ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც ონლაინ ფორმატში ესწრებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ წარმოიქმნება.

“მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: არ გვაქვს რაიმე ბოროტი განზრახვები ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში და მათაც ვურჩევდი, არ დაძაბონ სიტუაცია, არ შემოიღონ რაიმე შეზღუდვები. ჩვენ ჩვენს ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და გავაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების საჭიროებას. ყველა ჩვენი ქმედება, თუ ხდება, ხდება ყოველთვის მხოლოდ რუსეთის მიმართ რაიმე არამეგობრული ქმედებების პასუხად. მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება და ითანამშრომლოს ნორმალურად,” – ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის იერიში ატომურ ელექტროსადგურზე დასავლეთისთვის მორიგი სახიფათო სიგნალია, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინაში ფრენისთვის აკრძალულ ზონას არ შექმნის და იქ თავის ჯარებს არ გაგზავნის. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება მათთვის უმნიშვნელოვანესია და NATO რუსეთთან ომის წამოწყებას არ ცდილობს, ასევე ალიანსი აგრძელებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა არ აპირებს მის საჰაერო და სახმელეთო სივრცეში NATO-ს ძალების შეყვანას. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ეტაპზე არ თვლიან მიზანშეწონილად უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას, რადგან ეს უფრო დიდ კონფლიქტს გამოიწვევს, რომელშიც უფრო მეტი ქვეყანა იქნება ჩათრეული.

დიდი ბირტანეთის პრემიერ-მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა და რუსეთს ატომურ ელექტრო სადგურზე თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სიტუაციას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა. ბორის ჯონსონის თქმით, პრეზიდენტ პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ბრიტანეთის პრემიერი 2018 წელს, ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის “ნოვიჩოკით” მოწამვლას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, გაერთიანებული სამეფოს გვერდით იდგა. ჯონსონის თქმით, დღეს ისინი დგანან უკრაინის გვერდით და ყველაფერს აკეთებენ, რომ პუტინის “ბარბაროსული წამოწყება” წარუმატებლად დასრულდეს.

“პუტინი უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე“ – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი twitter-ზე წერს. „გავაგრძელებ ძალისხმევას და კონტაქტებს, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ უარესი“ – წერს ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის ლიდერის აზრით, მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. ფრანგული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პესიმისტურადაა განწყობილი და მიაჩნია, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის.

უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები რუსულ აგრესიას ვერ აჩერებს, თუმცა რუსულ ეკონომიკას შლის. მსოფლიო უკვე ერთი კვირაა პუტინის რეჟიმს უპირისპირდება. ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც ოკუპანტ რუსეთს შეზღუდვებს უწესებს. რუსეთისთვის დაკეტილია ევროპისა და ამერიკის ცა. რუბლი რეკორდულად გაუფასურდა. პროდუქტებზე ფასები წარმოუდგენლად იზრდება. ოლიგარქები კი მილიონებს კარგავენ. ეკონომიკური სანქციების გარდა, დასავლეთმა რუსი სპორტსმენები შეჯიბრებიდან დაბლოკა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა პროპაგანდისტული მედიაც. ბინის მოკლევადიანი გაქირავების სერვისი- Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ განაცხადა. კომპანია 100 000 იძულებით გადაადგილებულ უკრაინელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგი სულ უფრო ნათელი ხდება. რუსეთის საფონდო ბირჟა მთელი კვირაა, არ გახსნილა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური პირების მიერ სავალუტო ბირჟებზე უცხოური ვალუტის შესყიდვებზე 30%-იანი საკომისიო დააწესა. გადაწყვეტილება რუსეთში რუბლის სწრაფი გაუფასურებითა და უცხოური ვალუტის ნაღდ ფულზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის ვარდნის საპასუხოდ, საპროცენტო განაკვეთები 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა.

პარალელურად, უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია. გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მოსახლეობის 2%-ზე მეტი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი და ქვეყანა დაეტოვებინა. ყველაზე მასობრივი ევაკუაცია ხარკოვიდან მოხდა, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან, რომელსაც რუსული ჯარები უტევენ და ბომბავენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა მოსაზღვრე პოლონეთში, ნაწილი რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. გაერო აცხადებს, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ბომბებს გაურბოდა და მატარებელში ასვლას ცდილობდა, მაგრამ ბევრმა მათგანმა არც იცოდა, სად გაექცეოდა რუსულ აგრესიას.