საფრანგეთმა და გერმანიამ რუს ოლიგარქებს იახტები ჩამოართვა | 03.03.2022

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, “როსნეფტის” აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინის იახტა ჩამოართვა. ინფორმაციას საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს. იახტა,  სახელად “ამორე ვერო” ხმელთაშუაზღვის პორტ ლა სოტატში 2 იანვარს ჩავიდა. მას პორტი 1 აპრილს უნდა დაეტოვებინა. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, რათა დეტალურად შეისწავლოს და შეაფასოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების აქტივები და ფუფუნების საგნები. იგორ სეჩინი ერთ-ერთია იმ 26 პირს შორის, რომლის წინააღმდეგაც, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა სანქციები აამოქმედა. პარალელურად, გერმანელმა სამართალდამცავებმა ჰამბურგში რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ დააკავეს. რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, “მეტალოინვესტის” მფლობელი ალიშერ უსმანოვიც ერთ-ერთია, ვისაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. ომის დაწყებამდე, გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იახტამ, შესაძლო სანქციების შიშით, გერმანიის წყლები დატოვა.