„პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება, ის უკრაინაში შეჭრისთვის საფასურს გადაიხდის“ – ასე მიმართა ჯო ბაიდენმა კონგრესს, მის ყოველწლიურ გამოსვლაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელი ერისადმი მიმართვა უკრაინის შესახებ საუბრით დაიწყო. მიმართვის შემდეგ კი კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებმა – დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც უკრაინას, ფეხზე წამოდგომით მხარდაჭერა გამოუცხადეს. ბევრ მათგანს ხელში უკრაინის დროშა ეჭირა.
ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს. ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას რუს ოლიგარქებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
პარალელურად, ევროკავშირი Swift-დან 7 რუსულ ბანკს რიცხავს. სანქცირებულთა ჩამონათვალში რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები მოხვდა. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთი, კიდევ უფრო მეტი ბანკის სანქცირებას მოითხოვს. ახალი სანქციები უწესდება ბელარუსსაც. ევროკავშირში გადაწყვეტილება უკრაინაში, რუსეთის შეჭრაში დახმარების გამო მიიღეს. დიპლომატებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები ბელარუსის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც გარკვეული ფორმით მონაწილება მიიღეს უკრაინაზე თავდასხმაში. სანქციები შეეხება ზოგიერთ ეკონომიკურ სექტორს, კერძოდ, ხე-ტყითა და ფოლადით ვაჭრობას. ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები 2020 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც დაუწესა.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსულ მედიასაშუალებებსაც – სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ პროგრამებს და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ს. ამ მედიასაშუალებებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეკრძალებათ მაუწყებლობა პირდაპირი ან გაშუალებული გზებით.
Google, Facebook, Apple, TikTok – კომპანიების მიერ რუსეთისთვის ბოიკოტის გამოცხადება გრძელდება. Meta-მ, ევროკავშირის მასშტაბით, რუსული სახელმწიფო მედია საშუალებები — RT და Sputnik დაბლოკა. შესაბამისად, Facebook-სა და Instagram-ზე ეს გვერდები ვეღარ მოიძებნება. ფეისბუქსა და გუგლს შეუერთდა ტიკტოკიც. Apple მხარს უჭერს ყველას, ვინც ძალადობის მსხვერპლი ხდება… შედეგად, კომპანია უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ამავდროულად, რუსეთის ტერიტორიაზე ყველა პროდუქტის გაყიდვასა და ექსპორტს აჩერებს. ასევე, App Store-დან წაშალა რუსული სახელმწიფო მედია აპლიკაციები RT News და Sputnik News. გარდა ამისა, Apple Google-ის მაგალითს მიჰყვა და, უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ, რეალურ დროში გადაადგილების რეჟიმი გათიშა.
დასავლეთის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს სანქციებს უკვე საკუთარი პრეზიდენტიც უწესებს. პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2 მარტიდან 10,000 დოლარზე მეტი უცხოური ვალუტის რუსეთიდან გატანას კრძალავს. რუსეთში საომარ ხარჯებთან ერთად, ყოველდღიურმა ზარალმა რამდენიმე ათეულ მილიარდს მიაღწია. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ პუტინმა დროებითი ზომების შემოღება გადაწყვიტა „აშშ-ისა და მას მიტმასნილი უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მტრული და საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფ ქმედებებთან დაკავშირებით.“
დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგი სულ უფრო ნათელი ხდება, მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს კურსების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დოლარმა 110 რუბლს მიაღწია, ევრომ კი 122 რუბლს გადააჭარბა. რუსულმა ვალუტამ გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზოგიერთ ბანკს Swift-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა. ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე რუსული ბანკი Swift-ის სისტემას გამოეთიშოს, არის ყველაზე მკაცრი ზომა, რომელიც დღემდე მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის გამო დაუწესეს.