ვითარება უკრაინაში და მოლაპარაკება უკრაინა -ბელორუსის საზღვარზე – რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში | 28.02.2022

ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს უკრაინაში ისევ  განგაშის ხმა ისმის. რუსი ოკუპანტების მიერ ამ დრომდე იბომბება  ქალაქები. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება დასახლებულ პუნქტებზეც. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარკოვსა და ჩერნიგოვში. ეს ქალაქები ინტენსიურად იბომბება. ოკუპანტებმა ჩერნიგოვში სავაჭრო ცენტრი ააფეთქეს, სავარაუდოდ არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. განადგურებულია ხარკოვიც, სადაც ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა.

მასშტაბური თავდასხმების მიუხედავად მოქალაქეები ჯართან ერთად ქვეყნის დასაცავად იბრძვიან, შედეგად ყველა დიდი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. თუმცა ოფიციალური კიევის ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ბერდიანსკზე.

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო გამოცდილების მქონე პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი დანაშაული ცხელ წერტილებში გამოისყიდონ. მორიგ ვიდეო მიმართვაში პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირსაც მიმართავს და  ახალი სპეცპროცედურით უკრაინის სასწრაფო წესით გაწევრიანებას ითხოვს.

“მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნლებივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით. ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორების, რომ ისინი ჩვენ გვერდით დგანან, თუმცა ჩვენი მიზანია ყოფნა ყველა ევროპელთან ერთად და მოწოდების დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ ეს დავიმსახურეთ. პრეზიდენტობის კანდიდატი როცა ვიყავი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ჩვენ, ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინისთვის. ახლა კი ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია. მეომარი თავის ადგილას. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას,” – ვლადიმერ ზელენსკი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული. გამოცემა the times-ის ინფორმაციით გასამხედროებულმა ფორმირება ვაგნერის დაჯგუფებამ, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მოკავშირე მართავს, 5 კვირის წინ  აფრიკიდან კეივში დაქირავებული ჯარისკაცები გაგზავნა და  სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ ზელენსკის და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაცია დაავალა, ასევე მათ უნდა შექმნან საფუძველი იმისთვის, რომ მოსკოვმა უკრაინაზე კონტროლი აიღოს.

დასახლებული პუნქტების დაბომბვას უარყოფს რუსეთი და აცხადებს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მასშტაბურ დანაკარგებსაც. უკრაინის თავდაცვის  ინფორმაციით კი 5 დღის განმავლობაში საოკუპაციო რეეჟიმმა უკვე 5300 ჯარისკაცი, 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 191 ტანკი, 816 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 74 ქვემეხი და უპილოტო საფრენი აპარატები დაკარგა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ზმეინის კუნძულზე მყოფი მესაზღვრეები ცოცხლები არიან. სამხედრო პირები ტყვედ არიან ჩავარდნილი. 26 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძული ზმეინი რუსეთის ძალებმა აიღეს. გენშტაბში აცხადებდნენ, რომ განხორციელებული შტურმის შედეგად 13 უკრაინელი მესაძღვრე დაიღუპა. რუსეთის სამხედრო გემიდან მათ დანებება შესთავაზეს, თუმცა მესაზღვრეებმა უარი განაცხადეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ბოლო მონაცემებით 281 000 ადამიანია შესული პოლონეთში, 84 500-ზე მეტი უნგრეთში, დაახლოებით 36 400 მოლდოვაში, 32 500-ზე მეტი რუმინეთში და დაახლოებით 30 000 სლოვაკეთში.