ვიდრე პუტინი მსოფლიოს ემუქრება, თავისუფალმა სამყარომ მის შესაკავებლად მასობრივი სანქციები აამოქმედა | 28.02.2022

ვიდრე ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება, თავისუფალმა სამყარომ მის შესაკავებლად მასობრივი სანქციები აამოქმედა. რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ავიაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა დადგენილება რუსული თვითმფრინავების ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის, ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვებთან დაკავშირებული ოპერაციების აკრძალვის შესახებ.

ისტორიაში პირველად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ევროკავშირი იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 450 მილიონი ევროს ლეტალურ იარაღსა და 50 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ აღჭურვილობას მიაწვდიან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ახლა წყალგამყოფი მომენტი დგას. იარაღის მიწოდების პარალელურად, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები წესდება. რუსეთი ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენებას ვეღარ შეძლებს, რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურულია. ევროკავშირმა რუსული პროპაგანდისტული მედიებიც აკრძალა.

„გვეშინია, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, მისი გავლენა შეიძლება ამუშავდეს მოლდოვასა და საქართველოშიც“ – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის. 

 „ამერიკა თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და სერიოზულ საფასურსა და შედეგებს აკისრებს რუსეთს, რათა მას პასუხი აგებინოს თავისი არჩევანით დაწყებულ ომზე“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მდივნის ენტონი, ბლინკენის დიდი შვიდეულისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, ენტონი ბლინკენი დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რუსეთის წინაწარ გაზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური რეაგირების განსახილველად ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 40%-ით გაუფასურდა. რუსულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ დაამყარა, რაც ზოგიერთ ბანკს Swift-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა. ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე რუსული ბანკი  Swift-ის სისტემას გამოეთიშოს, არის ყველაზე მკაცრი ზომა, რომელიც დღემდე მოსკოვს უკრაინის კონფლიქტის გამო დაუწესეს.