“ოცნების” მიერ ჩაშლილი უკრაინის მხარდამჭერი სხდომა და ოპოზიციის შესრულებული უკრაინის ჰიმნი ფოიეში | 25.02.2022

უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომის გამართვას  ოპოზიცია ითხოვდა, რომელზეც პრემიერმინისტრსაც იბარებდა. თუმცა, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებს.

“დღეს საქართველოს პარლამენტში სირცხვილის დღეა” – ასე უპასუხა ოპოზიციამ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას.  პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს უღირსი და უპასუხისმგებლო ხელისუფლება მართავს.

რიგგარეშე სხდომის ჩატარების  მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა. დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა სალომე ზურავიშვილის  საპარლამენტო მდივანიც, თუმცა პლენარულ სხდომათა დარბაზის ყველა კარი დაკეტილი დახვდა.

ოპოზიცია უსაფრთხოების  საბჭოს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას გუშინ  დილიდან  ითხოვს.  მათი შეფასებით, ის, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა, რომელიც  საფრთხეს უქმნის საქართველოსაც.  ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა, რეზოლუციის მიღეებაა, რომელშიც  რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც იქნება საუბარი.