ომს გამართლება არ აქვს! – უკრაინაში ომის დაწყებას ცნობილი რუსი მოღვაწეები აპროტესტებენ | 24.02.2022

“მკვლელისგან ვერ ავიღებ ხელფასს” – რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა. “მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის დირექტორის თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს” – წერს ელენა  კოვალსკაია.

რუსეთის  მიერ უკრაინაში ომის დაწყება სახელმწიფო თეტრის დირექტორის გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილმა რუსმა მოღვაწემ გააპროტესტა. ასეთია ცნობილი რუსი მწერალი, ბორის აკუნინი.

“ყოველთვის მჯეროდა, რომ გონიერება ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებდა, მაგრამ შევცდი. გაიმარჯვა უგნურებამ. იღუპებიან ადამიანები, იღვრება სისხლი. რუსეთს ფსიქიურად არანორმალური დიქტატორი მართავს, და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ის მორჩილად მიყვება მის პარანოიას. ვიცი, რომ პუტინლანდია და რუსეთი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოსთვის არანაირი სხვაობა აღარ არსებობს“– წერს  აკუნინი.

“დილიდან კავშირზე ვარ ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ! როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო! ომს გამართლება არ აქვს! არა ომს! – წერს გალკინი.

ტელეწამყვანი დიმიტრი შეპელევი კი უკრაინელებს ბოდიშს უხდის. მან ინსტაგრამში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც წერს, რომ ამ ქმედების პატიება შეუძლებელია.

უკრაინელებს ბოდიშს უხდის ცნობილი რუსი მწერალი დიმიტრი გლუხოვსკიც. შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასევე  სოციალურ ქსელში ეხმიანება და რუსეთის ხელისუფლებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

რუსი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის რაც უკრაინაში ხდება სამარცხვინოა. „ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა გამოუცხადა ომი უკრაინას. ეს ძალიან სამარცხვინო და ცუდი გადაწყვეტილებაა. ძვირფასო უკრაინელებო მე ვიცი, რომ თქვენ ახლა  ჩემი ხმისთვის არ გცალიათ, მაგრამ იცოდეთ ჩემი ფიქრები თქვენთანაა,” – წერს დოლინი.