უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, დასავლეთი რუსეთისთვის სანქციებს ამზადებს. ოფიციალური კიევი პარტნიორებისგან მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ელოდება. ახლა დავინახავთ ვინ არის ჩვენ ნამდვილი მეგობარი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვაში. დღეს კი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ უკრაინამ რუსეტთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.
ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი გუშინ მოაწერა. დღეს კი რუსეთის დუმამ განკარგულების რატიფიცირება მოახდინა. საკუთარ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაზე და თქვა, რომ თანამედროვე უკრაინა საბჭოთა ბელადის ლენინის შექმნილია და ის უკრაინელებმა ვერ შეირგეს. პუტინმა ნატო და ამერიკის შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ დასავლეთმა არ შეასრულა რუსეთისთვის მიცემული პირობა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.
“თანამედროვე უკრაინა სრულად შექმნა რუსეთმა, უფრო სწორედ, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა ეს რუსეთისთვის ისტორიული ტერიტორიების მოწყვეტის ხარჯზე გააკეთეს. აი ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ახლა კი მადლიერმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აშშ–მა ძალდატანებით გაიტანა გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები… ჩვენ ახლა გვეუბნებიან, რომ უკრაინა ნატო–ს წევრი ხვალ არ გახდება. რას ცვლის ეს ისტორიული პერსპექტივით? არაფერს. მეტიც, ჩვენთვის ცნობილია ამერიკის პოზიცია, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, თუ უკრაინა დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და დაამარცხებს კორუფციას, ის გახდება ნატო–ს წევრი. ამასთან, ჩვენ მუდმივად გვიმტკიცებენ, რომ ნატო არის მშვიდოებისმყოფელი ორგანიზაცია და თავდაცვითი ალიანსი, ამის დაჯერებას სიტყვაზე გვთავაზობენ. ჩვენ ვიცით ამ სიტყვის ფასი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებობდა. თუმცა ეს ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. ბოლო თვეებში დასავლეთიდან იარაღი უწყვეტ ნაკადად მიედინება უკრაინაში, საჯაროდ. მთელი მსოფლიოს თვალწინ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობენ უცხოელი მრჩევლები. ჩვენ ეს ვიცით,” – ვლადიმერ პუტინის ამ განცხადების შემდეგ გაერომ უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. დიპლომატებმა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების აღიარება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს. ისაუბრეს საქართველოს მაგალითზეც და აღნიშნეს, რომ ხვალ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შესაზლოა სხვა ქვეყანაც გახდეს. გაეროში უკრაინის ელჩმა სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების განკარგულება, იმ გადაწყვეტილების იდენტურია, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოსცა. რუსმა დიპლომატმა კი დასავლეთს მოუწოდა, რომ კიევის მილიტარისტული გეგმები შეაკავოს და უკრაინამ პროვოკაციები შეწყვიტოს.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთ-უკრაინას შორის ომის საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების პარალელურად პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში ე.წ მშვიდობის უზრუნველყოფა დაავალა. გუშინ ღამით სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ დონეცკში ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გადაადგილებაც დააფიქსირეს. საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარევასაც განასგრძობენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 84-ჯერ დაირღვა. სროლის შედეგად 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.